ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც,...

43

Upload: others

Post on 03-Jul-2020

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც
Page 2: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

ავტორები

ეკატერინე მღებრიშვილი ნინო ინჯგიანუკრი ტაბიძესოფიო ცხვარიაშვილი

რედაქტორი

თამარ გოგია

დაკაბადონება/დიზაინი

ბექა ბუჩაშვილი

პროექტი განხორციელდა „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები 2019

Page 3: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც
Page 4: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც
Page 5: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

შ ი ნ ა ა რ ს ი

შესავალი1 მეთოდოლოგია2 ლიტერატურის მიმოხილვა

2.1 ეკომიგრაცია2.2 ბუნებრივი კატასტროფების გენდერული ასპექტი2.3 ადაპტაცია2.3.1 ეკონომიკური ადაპტაცია2.3.2 გეოგრაფიული ადაპტაცია2.3.3 ინტეგრაცია და სოციალური კაპიტალი2.4 დაქვემდებარება და ქმედითუნარიანობა

3 მონაცემთა ანალიზი3.1 საკანონმდებლო სივრცის მიმოხილვა3.2 სოფელ უდაბნოს ისტორიულ-გეოგრაფუილი კონტექსტი3.3 გადმოსახლება3.4 სახელმწიფოს პოლიტიკა 1990-იანი წლებიდან დღემდე3.5 ქალების საჭიროება და მდგომარეობები3.6 ქალების მიმართება სახელმწიფოსადმი3.7 ადაპტაცია3.7.1 გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებთან შეგუება3.7.2 სოციალური ადაპტაცია3.7.3 ფსიქოლოგიურ-ემოციური ადაპტაცია3.7.4 კულტურული / ემოციური ადაპტაცია

4 დასკვნაგამოყენებული ლიტერატურა / ბიბლიოგრაფია

13557

911111112141416

1719

21222525

2729323436

Page 6: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც
Page 7: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

1

შესავალი

ეკოლოგიური კატასტროფები საქართველოსთვის იშვიათ მოვლენას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, ქვეყანა - გეომორფოლოგიური, ჰიდროკლიმატური და გეობოტანიკური პირობებიდან გამომდინარე - ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მოწყვლად რეგიონს მიეკუთვნება. კლიმატის გლობალური ცვლილების პარალელურად არსებულ რისკებს, ხშირ შემთხვევაში, აღვივებს გარემოზე სხვადასხვა სახის ანთროპოლოგიური გავლენა. წლების განმავლობაში რესურსების არამდგრადი მოხმარება და მართვა, გარემოზე ზემოქმედების სათანადო შეფასების გარეშე განხორციელებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები და ბუნებრივ პროცესებში არაგონივრული ჩარევა ხშირად ფატალური შედეგების მაპროვოცირებელი ხდება გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა სახელმწიფო, როგორც წესი, მხოლოდ უკვე მომხდარ კატასტროფასთან გამკლავებაზეა ორიენტირებული და ისიც მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში. იქნება ეს ზვავი მაღალმთიან რეგიონებში, ადიდებული მდინარე თუ ტყეში გაჩენილი ხანძარი, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფო არ არის მზად ამ მოვლენებს ეფექტურად გაუმკლავდეს და ზარალი შეამციროს. დღეს საქართველოში ათი ათასობით ადამიანია ეკოლოგიური კატასტროფების გამო ქვეყნის შიგნით გადაადგილებული. ამ ტიპის მიგრაციას, პირობითად, ეკომიგრაციას ვუწოდებთ. ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობა ზუსტად აღრიცხულიც კი არ არის და ეს საკითხი ნაკლებ აქტუალურია მედიასა და საზოგადოებრივ სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც გადარჩნენ, ვინც ოჯახის წევრები და მეგობრები დაკარგეს, ვინც ერთ ღამეში უსახლკაროდ დარჩნენ? წინამდებარე ნაშრომი სწორედ იმ გადარჩენილ ადამიანების მონათხრობს ეფუძნება, ვინც სვანეთიდან დიდთოვლობის პერიოდში სოფელ უდაბნოში გადმოასახლეს.

ქვეყანაში არ არსებობს ეკომიგრანტის ოფიციალური სტატუსი, რაც, ერთი მხრივ, ზღუდავს მათი საჭიროებების გათვალისწინებას სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. მეორე მხრივ, ახალი საცხოვრებელი ადგილებისა და მეურნეობის ხელმიუწვდომლობა აფერხებს სტაბილური და მდგრადი საცხოვრებელი პირობებით მათ უზრუნველყოფასა და ადაპტაციის პროცესს. ყველაზე გამოხატული პრობლემები ამ მიმართულებით არის:

• საცხოვრებლისა და მიწის საკუთრების საკითხი;• სოციალური დახმარების არ ქონა/ სიმცირე;• ინტეგრაციის პოლიტიკის არ არსებობა/მოუქნელობა.

გარდა მიგრაციის დროს წარმოშობილი უშუალო პრობლემებისა, ადაპტაციის პროცესი, რომელიც სოფელ უდაბნოში გადმოსახლებული ეკომიგრანტების შემთხვევაში ერთიმეორისგან განსხვავებულ პოლიტიკურ წყობილებებში მიმდინარეობდა, საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ ეკომიგრაციას, როგორც ისტორიას, და ის განვიხილოთ სახელმწიფოს პოლიტიკის ჭრილში.

იმ პირობებში, როცა ეკომიგრაცია მოწყვლადს ხდის ადამიანებს - რესურსების სიმწირის, ადაპტაციისა თუ დანაკარგთან შეგუების სირთულისა და სხვა მრავალი გეოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორის გამო - ის ჯგუფები, რომლებიც უკვე ისედაც დაქვემდებარებულ პოზიციაში არიან, შეზღუდული რესურსების და კრიზისების პირობებში, უფრო დიდ გამოწვევების წინაშე დგებიან. ამ შემთხვევაში ქალების მდგომარეობაზე შევჩერდებით და უდაბნოში მიგრაციის ისტორიას სწორედ ქალების მონათხრობის საფუძველზე გავაანალიზებთ.

პარტიარქალური საზოგადოება და გარემო ქალებს კიდევ უფრო “დახურულ”, რთულ პირობებსა და ბარიერებს უქმნის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისა და ახალ

Page 8: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

2

საცხოვრებელ ადგილებში ინტეგრირებისათვის. ქალთა შრომის წილი შინამეურნეობებში ძალიან დიდია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, შეზღუდულია მათი ხელმისაწვდომობა რესურსებზე, მეურნეობის ფინანსური მართვა, საკუთრების უფლება და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ქალების მოწყვლადობა ეკოკატასტროფების მიმართ არა მათი რაიმე ბუნებრივი მახასიათებლებიდან, არამედ ზოგადი კულტურული და ეკონომიკური დაქვემდებარებული მდგომარეობიდან მომდინარეობს, რაც კრიზისულ პირობებში უფრო ცხადი და მწვავე ხდება. საზოგადოებაში, სადაც მამაკაცი უნივერსალურ ინდივიდად ცხადდება, გასაკვირი არ არის, რომ გენდერულად სპეციფიკური საჭიროებები და პრობლემები ეკოლოგიური კატასტროფების არც კვლევებში და არც გამკლავების სტრატეგიებში არ ჩანს.

ჩვენი კვლევის იდეა სწორედ ამ დანაკლისის შესავსებად გაჩნდა. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ეკომიგრაციის ისტორიის ქალთა პერსპექტივის აღწერას მონაწილეთა ნარატივიდან გამომდინარე.

• უდაბნოში მცხოვრები ეკონომიგრანტი ქალების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების აღწერას 1987 წლიდან დღემდე;

• მიგრაციასთან ადაპტაციის გენდერული განზომილების აღწერას;• სახელმწიფოს მიერ ეკომიგრანტების მიმართ განხორციელებული პოლიტიკის აღწერას

1987 წლიდან დღემდე;• ქალების დამოკიდებულების გაანალიზებას სახელმწიფოს პასუხისმგებლობისადმი.

წინამდებარე კვლევაში ერთმანეთთან დავაკავშირებთ ეკოკატასტროფების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას, გენდერული დაქვემდებარების პრობლემას და მის სპეციფიკურობას რესურსების სიმწირისა და კრიზისებთან ადაპტაციის პერიოდში. ამ ყველაფერს კი ქალების გადმოსახედიდან მონათხრობი მასალის საფუძველზე გავაანალიზებთ.

Page 9: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

3

1 მეთოდოლოგია

სოფელი უდაბნოს და ამ სოფელში გადმოსახლებულ ეკომიგრანტთა ისტორიის აღწერა ქალების პერსპექტივიდან რამდენიმე მიზნიდან გამომდინარეობს. პირველ რიგში, ქალების ისტორიები, როგორც წესი, დაკარგული და/ან უგულებელყოფილია დომინანტურ ისტორიულ ნარატივში, შესაბამისად, მოვლენების ქალის პერსპექტივიდან აღწერა მნიშვნელოვანია გენდერული ჩაგვრის სტრუქტურების გამოსავლენად. ქალების ისტორია საშუალებას გვაძლევს ამჟამინდელი ფემინისტური ბრძოლები ისტორიულ კონტექსტში დავინახოთ. მეორე, ეს არ არის მხოლოდ გამარჯვებულებად და ლიდერებად აღიარებული ქალების ისტორია, რომლებმაც ფართო საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრეს, არამედ სოციალური ისტორიაა, რომელიც ქალების ყოველდღიურობას აკავშირებს ძალაუფლების უფრო დიდ სისტემებთან, ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფო პოლიტიკასთან. საქართველოს ისტორია როგორც ძველი, ისე ახალი და უახლესი, გამარჯვებულთა და დიდგვაროვანთა ისტორიაა, ამიტომ მნიშნელოვანია დაბალი სოციალური ფენების ისტორიის აღწერა იმავე მიზეზებიდან გამომდინარე - ჩაგვრის სტრუქტურების სხვა პოზიციიდან დასანახად. ამ გაგებით, ჩვენს მეთოდს ისტორიული მატერიალიზმი შეიძლება ეწოდოს. მესამე, ვინაიდან ადაპტაცია არა ერთჯერადი აქტი, არამედ განგრძობითი პროცესია, რომელიც, ჩვენს შემთხვევაში, ისტორიულად სრულიად განსხვავებულ ეპოქებში მიმდინარეობდა, მნიშვნელოვანია, ის სწორედ ისტორიულ პროცესად განვიხილოთ და აღვწეროთ. და ბოლოს, უდაბნო თავისთავად არის საინტერესო შემთხვევა, რომლის მშენებლობაც ვერ იხსნება გეოგრაფიული, კლიმატური ან ეკონომიკური ხელსაყრელობით, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცეს პოლიტიკური ინტერესების და სტრატეგიების შესახებ ერთმანეთისგან განსხვავებულ ეპოქაში.

ჩვენი კვლევა შემთხვევის ანალიზია, რომელიც უდაბნოში მცხოვრები ეკომიგრანტი ქალების ჩაღრმავებულ ნახევრად-სტრუქტურირებულ ინტერვიუებს, მეორად საკანონმდებლო და ისტორიულ წყაროებსა და პირად დაკვირვებებს ეყრდნობა. კვლევის პროცესში ჩვენ ვიყენებდით აბდუქციურ მიდგომას, რაც ეყრდნობა დაშვებას, რომ ჩვენთვის სოციალური სამყაროს შემეცნება ყოველდღიურობის შესწავლით არის შესაძლებელი, და არა აბსტრაქტული ჰიპოთეზების შემოწმებით. საკითხები, მნიშვნელობები, ინტერპრეტაციები, რომელზეც კვლევ¬¬¬ის მონაწილეები საუბრობენ, არა უბრალოდ „სუბიექტური“, არამედ ინტერსუბიექტურია, რაც ნიშნავს, რომ ისინი გაზიარებული, კვლავწარმოებული და შენარჩუნებულია კონკრეტული ჯგუფის/თემის წევრების მიერ ერთმანეთთან ინტერაქციის მეშვეობით (Blaikie, 2004). შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ ცნებების სენსიტიზაციის მეთოდს და ვცდილობთ კვლევის მონაწილე ქალების ცხოვრება მათივე სიტყვების მიხედვით აღვწეროთ. ჩვენ არ გვქონდა წინასწარი დაშვებები კვლევის დაწყებამდე, კვლევის კითხვებიც საპილოტე ინტერვიუების შედეგად შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე შეიცვალა.

რესპონდენტები “თოვლის გუნდის” პრინციპით მოვიძიეთ, რაც გულისხმობს, რომ არსებულ კონტაქტებს ვიყენებდით რესპონდენტებთან დასაკავშირებლად, ხოლო შემდეგ თვითონ რესპონდენტები გვაკავშირებდნენ ერთმანეთთან. გამოვკითხეთ ქალები, რომლებიც სოფელ უდაბნოში 1987-1988 წლებში დიდთოვლობისას, ზვავის საშიშროების ან ზვავის შედეგად გადმოასახლეს და ახსოვთ გადმოსახლების პროცესი. შესაბამისად, რესპონდენტების ასაკი 53-77 წლამდე მერყეობს. მთლიანობაში მონაცემები 15 ინტერვიუსა და დაკვირვებას ეყრდნობა. ბუნებრივია, ამ შედეგებს ვერ განვაზოგადებთ ზოგადად ეკომიგრანტების მდგომარეობაზე, უფრო მეტიც, ვერც სვანეთიდან ამ პერიოდში გადმოსახლებულ ეკომიგრანტებზე. უდაბნო ასევე გამონაკლისია, ვინაიდან, სხვა ადგილებისგან განსხვავებით, სადაც ეკომიგრანტები გადაასახლეს, უდაბნოს სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა, როგორც საზღვართან ახლოს მდებარე სოფელს. მიუხედავად ამისა, ზოგადად ეკომიგრაციისადმი სახელმწიფო მიდგომების

Page 10: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

4

ცვლილებების შესახებ შეგვიძლია მეორადი წყაროებიდან, საარქივო მასალიდან და ჩვენი კვლევის მონაწილეთა ნატარივებიდან გამომდინარე ვისაუბროთ.

როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებისა და ეკომიგრანტების სახელმწიფოსადმი დამოკიდებულების აღწერა წარმოადგენს ჩვენი კვლევის ერთ-ერთ მნიშნელოვან ამოცანას. ვინაიდან ჩვენი მიზანია, აღვწეროთ ადაპტაცია, როგორც ისტორიული პროცესი 1987 წლიდან დღემდე პერიოდში, პირობითად გამოვყავით სამი ეპოქა, რომელიც საქართველოში განსხვავებულ სოციო-პოლიტიკურ სისტემებს მიემართება.

1. 1987 წლიდან 1990 წლამდე - საბჭოთა პერიოდი, როდესაც მოხდა ეკომიგრანტების გადმოსახლება სოფელ უდაბნოში. ამ ეტაპისთვის საბჭოთა ხელისუფლებას მრავალი პასუხისმგებლობა აქვს აღებული მოქალაქეებთან მიმართებაში, ეკონომიკა დიდწილად სახელმწიფოსგან იმართება, თუმცა კორუფცია და ნეპოტიზმი ძალიან გავრცელებულია.2. 1990 წლიდან 2003 წლამდე - ე.წ. ტრანზიციის პერიოდი - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ქვეყანაში მძიმე სიტუაცია დგება: 90-იანების დასაწყისში ომი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, კრიმინალის მაღალი დონე, ეკონომიკური სიდუხჭირე და კორუფცია მოქალაქეებს მძიმე მდგომარეობაში აგდებს.3. 2003 წლიდან დღემდე - 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანა მკვეთრად გამოხატულ ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკაზე გადადის. ეს პერიოდი გამოირჩევა ძალიან სწრაფი პრივატიზაციით, ეკონომიკის მთავარ ამოსავალ წერტილად სახელდება კერძო საკუთრება, ხოლო პოლიტიკური კურსი მკვეთრად პრო-დასავლურია. სიღარიბე და სოციო-ეკონომიკური კეთილდღეობა გადაუჭრელ პრობლემებად რჩება.

ვინაიდან ჩვენ მიერ შერჩეული ეკომიგრანტების გადმოსახლება და შემდგომი ადაპტაცია ამ სამი განსხვავებული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩვენი კვლევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკომიგრანტი ქალების მდგომარეობის აღსაწერად, არამედ სახელმწიფო-მოქალაქის ურთიერთობის კონტექსტშიც.

Page 11: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

5

2 ლიტერატურის მიმოხილვა

ამ თავში გვინდა განვმარტოთ ის ძირითადი კონცეპტები, რომელზეც მთელი კვლევის მანძილზე ვისაუბრებთ. როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, ჩვენს შემთხვევაში, ცნებების წინასწარი განსაზღვრა არ უსწრებდა წინ მონაცემების შეგროვების პროცესს და ეს ორი პროცესი ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა, ვინაიდან სწორედ რესპონდენტების მიერ მოწოდებული ცნებებისა და მნიშვნელოვანი ასპექტების საფუძველზე შევეცადეთ თეორიული ჩარჩოს აგებას.

2.1 ეკომიგრაცია

როგორც კლიმატის ცვლილება, ასევე ეკომიგრაცია კომპლექსური სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფენომენია. თუმცა ხშირად ხდება ამ ცნებების გენდერულად ნეიტრალურ კონტექსტში გამოყენება, რაც ამ პრობლემების მხოლოდ ნაწილობრივ სურათს გვაძლევს. ეკომიგრაციაზე საუბრისას მნიშვნელოვანია მისი მნიშვნელობის განსაზღვრა და იმ განსხვავებების ხაზგასმა, რაც ამ ტერმინს განასხვავებს ისეთი ტერმინებისგან, როგორიცაა მიგრაცია და იძულებითი გადაადგილება. ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგანაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ აკადემიკოსს განსხვავებული პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით.

ზოგადი დეფინიციის თანახმად, მიგრაცია, ყველაზე ფართო გაგებით, წარმოადგენს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფების გადაადგილებას საერთაშორისო თუ საკუთარი ქვეყნის საზღვრებში (UNESCO, 2017). თუმცა, ეს დეფინიცია არ მოიაზრებს იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელთა მიმართ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე კონკრეტულ ქვეყნებს საკუთარი კანონები და მიდგომები გააჩნიათ. ხალიდ კოზერი და სიუზან მარტინი (2006) აღნიშნავენ, რომ მიგრაციისა და იძულებით გადაადგილების ტერმინებად განსაზღვრა ისეთ სირთულეებთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა ამ ორი ცნების ერთმანეთისგან გამიჯვნა, არსებული კატეგორიების, ცნებების და კონსტრუქტების შეუსაბამობა მიგრაციის რეალობებთან და, ამავე დროს, ლეგალური, ნორმატიული თუ ინსტიტუციური დანაკლისებისა და ხარვეზების უგულვებელყოფა (Koser, Martin; 2011; 2). შესაბამისად, როგორც პოლიტიკის შემქმნელებისთვის, ასევე აკადემიური წრეებისათვის საკმაოდ რთულია, მიგრაციისა და იძულებითი გადაადგილების ზუსტი მნიშვნელობის განმარტება და ამ თემასთან დაკავშირებული დისკუსიაც საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავლისმომცველია.

მიგრაციის სპეციფიკაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს და, შესაბამისად, ართულებს მის განმარტებასა თუ ადამიანებზე მისი ზეგავლენის განსაზღვრას. მიგრაციის მიზეზები ერთ-ერთი საკითხია, რომელიც დიდწილად აყალიბებს მიგრაციის შინაარსს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიდა და გარე მიგრაციის ერთმანეთისგან გამიჯვნას, რადგანაც ეს ფაქტორებიც განსხვავებულ გამოცდილებას უყალბებენ ადამიანებს. ერთი მხრივ, ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით მიგრირებენ, არ უწევთ კულტურულ გარემოსთან ადაპტაცია, თუმცა მეორე მხრივ, შემოდის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გეოგრაფიული ანდა კლიმატთან ადაპტაცია, ტრავმა და სხვ. მიგრაციის საკითხი საკმაოდ ვრცელია, თუმცა აქ მხოლოდ ეკომიგრაციაზე შევჩერდებით.

კლიმატის ცვლილების შედეგად გადაადგილება და მისი დეფინიცია, ისევე როგორც მიგრაციის განსაზღვრა, უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული. ჩვენს კვლევაში ამ ცნების განმსაზღვრელად ვიყენებთ ტერმინს “ეკომიგრაცია” და ვეყრდნობით უილიამ ვუდის ინტერპრეტაციას. ვუდი (2001) გარემოსდაცვითი პრობლემებისა თუ კატასტროფების

Page 12: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

6

შედეგად გამოწვეულ გადაადგილებას ეკომიგრაციას უწოდებს და ამ ტერმინის ეკონომიკურ ფაქტორებთან ახლო კავშირს უსვამს ხაზს. ვუდი (2001) ამტკიცებს, რომ ეკომიგრაციის ყოველი შემთხვევა კომპლექსური მოვლენაა და მისი გაგება მხოლოდ სოციოეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და გარემოსდაცვით კონტექსტშია შესაძლებელი (Wood, 2001, 53).

ვუდი (2001) ტერმინის უკეთ ასახსნელად განმარტავს, რომ სიტყვა „ეკო“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „სახლს“, თუმცა ავტორი (2001) ანაცვლებს მას სიტყვით „ქოლგა“ და აღნიშნავს, რომ ტერმინ ეკომიგრაციის შემადგენელი ნაწილი „ეკო“ ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მახასიათებლებს. ამ შემთხვევაში, ერთიანი „ეკო“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ეს მახასიათებლები განამტკიცებენ და განაპირობებენ ერთმანეთს, როგორც პოზიტიურად, ასევე ნეგატიურად (Wood, 2001, 46-47). შესაბამისად, ტერმინი ეკომიგრაცია ამ განმარტებით არ ყოფს ერთმანეთისგან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკური და ეკოლოგიური მახასიათებლები და არ ახარისხებს მათ სოციალურ და ბუნებრივ დარგებში.

ვუდის (2001) მიერ გამოყენებული „ქოლგის ანალოგია” ასევე, საინტერესოა ჩვენთვის, რადგან მასში ის გულისხმობს სოციო-ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური კატეგორიების ერთობლიობას, რომელიც თითოეულ ადამიანს გააჩნია. ეს ანალოგია ამჟღავნებს ეკომიგრაციის სპეციფიკას, რადგანაც ის ასახავს იმ იერარქიას, რომელიც იქმნება საზოგადოებაში პრივილეგიებისა და რესურსების არათანაბარი გადანაწილების შედეგად. ვუდი (2001) აღნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს საკუთარი „გარემოსდაცვითი და სოციალური ქოლგა“ გააჩნია, რომელიც, თავის მხრივ იცვლის თავის „ფორმასა თუ ზომას“ სხვადასხვა სივრცეში გადაადგილებასთან ერთად. ასევე, ადამიანების „ქოლგები“ იცვლებიან სოციო-ეკონომიკური, პოლიტიკური და გარემოსდაცვითი პრობლემების ზემოქმედების შედეგად (Wood, 2001, 48).

ის ამტკიცებს, რომ ერთსა და იმავე ოჯახში ანდა სამეზობლოში მცხოვრებ ადამიანებსაც სოციოეკონომიკური მახასიათებლებზე დაყრდნობით შესაძლოა განსხვავებული „ქოლგები“ გააჩნდეთ და საერთო გარემოც, თავის მხრივ, განსხვავებულად იმოქმედებს მათზე. მაშინ როდესაც საერთო კრიზისი ზემოქმედებს ყველაზე - პრივილეგიებისა და რესურსების მქონე ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ საკუთარი „ქოლგების“ აღდგენის, ვიდრე მაგალითად დაბალი კლასის წარმომადგენელ ადამიანებს. ის ხაზს უსვამს, რომ იგივე იერარქიას ქმნის გენდერი და, შესაბამისად, გარემოსდაცვითი პრობლემების გარდა, ეკომიგრანტ ქალებს ასევე უწევთ დამატებით კულტურულ თუ უსაფრთხოების წინააღმდეგობებთან შეჯახება, ვიდრე კაცებს (Wood, 2001, 48). შესაბამისად, ეკომიგრაციის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ყველა იმ კატეგორიის გათვალისწინება, რომელიც ქმნის იერარქიას და ამყარებს ჩაგვრის სისტემებს.

მიუხედავად საქართველოში ეკომიგრაციის მწვავე პრობლემისა, ამ ტერმინის განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში მხოლოდ 2013 წლის 13 ნოემბერს მოხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის #779 ბრძანების თანახმად:

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა“

(საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, 2013).

მიუხედავად იმისა, რომ ამ განმარტებით ნაწილობრივ მოცულია ეკომიგრანტი ოჯახების

Page 13: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

7

ეკონომიკური მდგომარეობა და გათვალისწინებულია ადამიანთა ქონებისა თუ საცხოვრებელი სახლის დაზიანებისა ანდა პოტენციური დაზიანების საფრთხეები, მიგვაჩნია, რომ განმარტება ძალიან ვიწროა და ყურადღების მიღმა ტოვებს მთელ რიგ მოვლენებს. განმარტება არ ითვალისწინებს ეკომიგრაციის გამომწვევ ყველა მიზეზს, რისკსა თუ შედეგს, და შესაბამისად, არ არის ამომწურავი.

თქმულიდან გამომდინარე, მიგრაციის, როგორც ტერმინის, განსაზღვრა საკმაოდ რთულია მისი სპეციფიკაზე, გამომწვევ მიზეზებსა თუ სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით. იმავე მიზეზებით რთულდება ეკომიგრაციის განსაზღვრაც. თუმცა, ამ ბოლო საკითხთან დაკავშირებით დიდ მნიშვნელობას იძენს მისი სხვადასხვა ასპექტის ერთობლიობაში გააზრება. ეკომიგრაცია არ უნდა იყოს აღქმული განცალკევებით, როგორც მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემა, არამედ უნდა იყოს გადააზრებული, როგორც სოციოეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ეკოლოგიური მახასიათებლების ერთობლიობა. ეს განსაზღვრა გვაძლევს შესაძლებლობას, ეკომიგრაცია უფრო ფართო სოციალურ სურათში ჩავსვათ და განვსაზღვროთ მისი ზეგავლენის არეალი, რომელიც სცდება განზოგადებებს და ეკომიგრაციის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე საუბრისა და ანალიზის შესაძლებლობას გვაძლევს, როგორიცაა მისი გენდერული და სხვა ასპექტები.

დიდი ხნის განმავლობაში ეკომიგრაცია არ განიხილებოდა გენდერულ ჭრილში და არ ხდებოდა მისი გენდერული ასპექტების გამოყოფა. შესაბამისად, ასევე არ ხდებოდა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით ეკომიგრაციის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილების გადააზრება, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფები და სტიქიური უბედურებები. მიუხედავად ამისა, ბოლო წლების განმავლობაში იმატა ეკომიგრაციის, ბუნებრივი კატასტროფებისა თუ, ზოგადად, კლიმატის ცვლილების გენდერულად სენსიტიურმა ანალიზმა. უფრო მეტმა თეორეტიკოსმა დაიწყო სოციალური სტრუქტურების ზემოქმედებაზე საუბარი ამ მოვლენების მიმართ მოწყვლადობისა თუ მათ შედეგებთან გამკლავების კუთხით (Wiest, 1998, Enarson, 2000; Mor-row, Enarson, 1996). საქართველოში ეკომიგრაციაზე ჩატარებული კვლევებს უმრავლესობა ჯერ კიდევ გენდერულად ნეიტრალურია, რის შედეგადაც ეკომიგრაციის მხოლოდ ფრაგმენტულ ანალიზს ვიღებთ.

ეკომიგრაციის გენდერული ასპექტების უკეთ გადასააზრებლად გამოვყოფთ ორ საკითხს, რომლებიც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ეკომიგრაციის პროცესში ქალების გამოცდილების უკეთ გასამჟღავნებლად. შესაბამისად, ვეცდებით გავცეთ პასუხი ისეთ კითხვებს, როგორიცაა: როგორია ბუნებრივი კატასტროფების გენდერული ასპექტები? არსებობს თუ არა განსხვავება ქალების და კაცების გამოცდილებებს შორის ამ მოვლების მიმართ მოწყვლადობისა თუ მათ შედეგებთან ბრძოლის კუთხით? და მეორე, როგორ მოქმედებს გეოგრაფიული გარემოს ცვლილება ანდა მიგრაცია ქალებზე? ეკომიგრაციის გენდერული ასპექტების გამოვლენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული იერარქიები, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოებაში არსებობს და, შესაბამისად, ქმნის იმ გარემოს, სადაც ქალებს განსხვავებული გამოცდილება უყალიბდებათ ისეთი მოვლენების დროს, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფები და მათ შედეგად გამოწვეული იძულებითი გადაადგილება.

2.2 ბუნებრივი კატასტროფის გენდერული ასპექტი

ბუნებრივი კატასტროფები თუ სტიქიური უბედურებები ხშირად მოულოდნელ ბუნებრივ მოვლენებად აღიქმება, რის შედეგადაც უგულვებელყოფილია მათი შედეგების შესაძლო პოლიტიკური თუ სოციალური ფესვები. ილეინ ენარსონი (2000) აღნიშნავს, რომ გარემოსდაცვითი პრობლემები თავს იჩენს კონკრეტულ სოციოეკონომიკურ, პოლიტიკურ

Page 14: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

8

და სოციალურ კონტექსტში და, შესაბამისად, ირეკლავს იმ სოციალურ სტრუქტურებს, რომელშიც ისინი ვლინდებიან. ის ამტკიცებს, რომ ბუნებრივი კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები საზოგადოებაზე არც გარდაუვალია და არც „ბუნებრივი“ (Enarsson, 2000, 2). შესაბამისად, უნდა მოხდეს ამ მოვლენების სოციალურ ჭრილში განხილვა, იმ ეკონომიკური თუ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომლებშიც ისინი ვლინდებიან. ამ პროცესში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმ უთანასწორობებსა და იერარქიებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებასა და იმ შესაძლო საპასუხო ქმედებებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.

ეკომიგრაციის გენდერული ასპექტების უკეთ გაგებისთვის მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საზოგადოების სოციალური სტრუქტურების გამოაშკარავება და ბუნებრივი კატასტროფების წინა პერიოდის გააზრება. რეიმონდ ვიესტი (1998) ამტკიცებს, რომ ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მოწყვლადობის უკეთ განსასაზღვრად მნიშვნელოვანია კატასტროფის წინა პერიოდში არსებული ისეთი სოციალური სტრუქტურების გააზრება, როგორიცაა ოჯახი, ნათესაობა, გენდერული როლები ამ სტრუქტურებში და სოციალური კლასი. ვიესტი (1998) ამტკიცებს, რომ საოჯახო წყობები იერარქიებს ეყრდნობა - კულტურული სისტემები სხვადასხვა მოლოდინს აყალიბებს ადამიანის მიმართ მათ ასაკზე, გენდერზე, სოციალურ კლასსა და სხვა კატეგორიებზე დაყრდნობით, რომლებიც ზემოქმედებენ ძალაუფლების გადანაწილებაზე. ხოლო, ძალაუფლების განაწილებისა და დისტრიბუციის პროცესში უთანასწორობების სტრუქტურული კვლავწარმოება ეყრდნობა როგორც კლასობრივ, ისე გენდერულ კატეგორიებს. (Wiest, 1998, 64)

იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნული სტრუქტურები აყალიბებენ იერარქიებს და, ამავე დროს, აწესებენ რესურსების გადანაწილების კონკრეტულ სქემებს, ქალის ხელმისაწვდომობა ამა თუ იმ საზოგადოებრივ თუ ოჯახურ სიკეთეზე იკლებს და, შესაბამისად, იზრდება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მათი მოწყვლადობაც. ვიესტი (1998) აღნიშნავს, რომ ბუნებრივ კატასტროფამდეც კი, ქალები სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, რადგანაც საზოგადოებებში ხდება რესურსების არათანაბარი გადანაწილება, ხოლო ოჯახი ეყრდნობა ქალის აუნაზღაურებელ და არაღიარებული შრომას (Wiest, 1998, 64) თავის მხრივ, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად საზოგადოებაში არსებული იერარქიები უფრო მწვავდება, რადგანაც რესურსების კონცენტრირება საზოგადოების უფრო ვიწრო ჯგუფის ხელში ხვდება. ქალები, რომლებსაც კატასტროფამდეც რესურსებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებოდათ, კატასტროფის შემდეგ უარეს მდგომარეობაში ვარდებიან (Wiest, 1998, 67).

ოჯახში შრომის განაწილება ასევე იერარქიულია. უმეტესწილად, ქალები, გარდა ანაზღაურებული შრომისა ანდა მეურნეობის მოვლისა, ასრულებენ აუნაზღაურებელ შრომას, რაც მოიცავს ბავშვებზე ზრუნვას, საშინაო სამუშაოს და სხვ. ხშირად, ქალების აუნაზღაურებელი შრომა არ ითვლება მნიშვნელოვნად, მიუხედავად იმისა, რომ ის დიდ ემოციურ და დროით რესურსს მოითხოვს. ბუნებრივი კატასტროფებისა თუ სტიქიური უბედურებების შედეგად, იცვლება შრომის ტრადიციული გადანაწილება, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ საზოგადოებისათვის. რაც ნიშნავს იმას, რომ ქალებს, რომლებიც ხშირად აუნაზღაურებელ საშინაო სამუშაოს ასრულებენ, ასევე ემატებათ დამატებითი სამუშაო, რომელიც მანამდე კაცების საქმედ ითვლებოდა. ვიესტი (2000) აღნიშნავს, რომ ქალები ხშირად ასრულებენ “მამაკაცების სამუშაოს”, თუმცა ეს ფაქტი ხშირად უგულვებელყოფილია, რადგანაც ქალების საქმიანობა „არაპროდუქტიულ საშინაო სამუშაოდ“ აღიქმება. მას მაგალითად მოჰყავს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესრულება, რასაც ქალები თავიანთ თავზე იღებენ მაშინ, როდესაც კაცებს სხვა სამუშაო უჩნდებათ (Wiest, 1998,68).

შესაბამისად, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ქალების შრომა ხშირად ორმაგდება, რთული ხდება ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიება და სხვ. ამას ემატება კულტურული ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ ქალების მდგომარეობაზე, თუმცაღა უფრო მკვეთრად

Page 15: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

9

იჩენენ თავს ისეთ კრიზისულ სიტუაციებში, როგორიცაა მიგრაცია, ომი, გაჭირვება და სხვ. ერისა და საზოგადოების გადამრჩენის ფუნქცია, რომელიც ხშირად ქალობისა და ფემინურობის ერთ-ერთ მახასიათებლად ითვლება, უფრო თვალშისაცემი ხდება ისეთ კრიზისულ სიტუაციებში, როგორიცაა, მაგალითად, ეკომიგრაცია და, შესაბამისად, თავის მხრივ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ამწვავებს ბუნებრივი კატასტროფების შედეგებს ქალების ცხოვრებაზე.

ენარსონი (2000) გამოყოფს ოთხ მნიშვნელოვან ასპექტს, რომლებიც ზემოქმედებენ ქალების შრომაზე ბუნებრივი კატასტროფის შედეგად. ის ამტკიცებს, რომ ასეთი მოვლენები, ერთი მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს ქალების ეკონომიკური უსაფრთხოებას, რადგანაც ისინი კარგავენ სამუშაოს, მეურნეობას, ხოლო, მეორე მხრივ, გენდერული სტერეოტიპები ართულებენ ახალი სამუშაო ადგილის მოძებნას. ქალების სამუშაო საათები მატულობს, ხოლო როგორც სამეურნეო, ასევე სხვა ანაზღაურებადი სამუშაო მდგომარეობა უარესდება. ამავე დროს, ქალები უფრო რთულად გამოდიან დიდი ეკონომიკური დანაკარგებისგან, რადგანაც მათი მობილობა, კაცი მუშებისგან განსხვავებით, შეზღუდულია და ისინი ხშირად, არ იღებენ ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსგან (Enarson, 2000, VIII).

აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების და სახელმწიფოს ურთიერთმიმართება. ბუნებრივი კატასტროფების “ბუნებრივად” შერაცხვით სახელმწიფომ და საზოგადოებამ შესაძლოა დაზარალებულ ინდივიდებსა და თემზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აირიდოს და ეს მათ პირად პასუხისმგებლობად გააფორმოს. ასეთ დროს ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) პასუხისმგებელი ინსტანცია ოჯახი ხდება, შესაბამისად, ოჯახში არსებული გენდერული ურთიერთმიმართება არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს ქალებს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მათი ემოციური და ფიზიკური რესურსების ექსპლუატაციას ეწევა.

მეორე მხრივ, ეკომიგრაციამ შესაძლოა მოქალაქე სრული სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური უმწეობის მდგომარეობაში ჩააგდოს. სტატუსის პრობლემურობამ და საკითხისადმი მხოლოდ ცალმხრივმა - მაგალითად, ზრუნვაზე ორიენტირებულმა მოდელმა, შესაძლოა ინდივიდები მხოლოდ სახელმწიფო შემწეობასა და ქველმოქმედებაზე დამოკიდებული გახადოს, მათი გაძლიერების ნაცვლად. ხოლო ვინაიდან სტატუსის განსაზღვრაც და სოციალური კეთილდღეობაც ოჯახს ებმის, ყველა, ვინც ოჯახის არსებული დეფინიციის მიღმა თანაარსებობს, ამ სიკეთეებზე წვდომას კარგავს. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების შემთხვევაში, როცა ოჯახის ერთი წევრი გარდაიცვლება, სტატუსის ხელახალი განსაზღვრის საჭიროება დგება, ვინაიდან ოჯახის შემადგენლობა შეიცვალა. რაც გარკვეული პერიოდით შემწეობაზე დამოკიდებულ მოქალაქეს დახმარების გარეშე ტოვებს.

ამრიგად, ამ კვლევაში ეკოლოგიურ კატასტროფებს და მათთან გამკლავების პოლიტიკას სოციალურ მოვლენად განვიხილავთ, რომელიც მრავალ სხვადასხვა საკითხს უკავშირდება. ისინი ხშირად ამძაფრებენ და ირეკლავენ იმ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ უთანასწორობებს, რომლებიც არსებობს ამა თუ იმ საზოგადოებაში. ვეცდებით, მიუხედავად ჩვენი კონკრეტული ფოკუსისა გენდერულ განზომილებაზე, რაც შეიძლება მრავალი კუთხით მიმოვიხილოთ ეს ფენომენი.

2.3 ადაპტაცია

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება, რომლის ფარგლებშიც ეკომიგრაციის გენდერულ ასპექტებზე ვისაუბრებთ, არის ადაპტაცია, რომელიც ასევე განსხვავებულად მიმდინარეობს ქალების შემთხვევაში.

ეტიმოლოგიურად, ცნება „ადაპტაცია“ გვხვდება მე-13 საუკუნიდან და მოდის ლათინური

Page 16: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

10

სიტყვა „adaptare“-დან, რაც შეჩვევას, მორგებას ნიშნავს [adjust] (Simonet,2010). დღეს ადაპტაციას მრავალი მნიშვნელობა და კონოტაცია აქვს, რაც მისი კონკრეტული შესატყვისით განსაზღვრის სირთულეს ბადებს (Smit et al., 2000). ადაპტაციის ერთ-ერთ განსაზღვრება, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, არის სისტემაში არსებული პროცესი, ან შედეგი, რომელიც ცვალებადი მდგომარეობებისადმი უკეთ მორგებას, მართვას ან შეგუებას ემსახურება. (Smit and Wandel, 2006). აგრეთვე, ადაპტაცია მიმართულია კონკრეტული ქმედებებისკენ, რომლებიც მოწყვლადობის და იზოლაციის შემცირებას უზრუნველყოფენ (Pielke et al, 2007; O’Brien, 2004; Burton et al., 2002).

ადაპტაციისკენ მიმართული სტრატეგიები შეიძლება იყოს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი, ფუნდამენტური ტრანსფორმაციებისკენ მიზანმიმართული (Moser and Ekstrom, 2010). სოციალურ კონტექსტში, ადაპტაციას დიდი როლი აქვს მოწყვლადობის შემცირებაში, რომელიც თავად კორელაციაშია საზოგადოების პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ წყობასთან/სისტემასთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადაპტაცია მულტიდისციპლინური კონცეფტია, რომელშიც ევოლუციის, განვითარების, კულტურის, ორგანიზაციისა და გეოგრაფიის თეორიები ურთიერთქმედებენ.

განვითარების პერსპექტივასთან მიმართებაში, ადაპტაცია განხილულია, როგორც შედეგი. დღევანდელ კონტექსტში ადაპტაციის შესახებ ცოდნის დიდი ნაწილი რედუქციონისტული და ესენციალისტური პერსპექტივიდან და ნეოლიბერალური განვითარების პარადიგმიდან განიხილება, რაც რიგ პრობლემებს წარმოქმნის (kumari lama) აუცილებელია, მულტუკულტურულ საზოგადოებებში თავი ავარიდოთ რედუქციონისტულ, ,,ობიექტურ’’ ინტერპრეტაციებს - მაგ. თუ ადრე ფოკუსი მიმართული იყო მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ან საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებულ ინტეგრაციაზე, ახლა, ინტეგრაციის დისკურსში მხედველობაშია მისაღები კულტურული განსხვავებები, სიმბოლური რესურსები და ,,კულტურული იერარქია’’, ასევე ინდივიდებს და ჯგუფებს შორის ურთიერთობები და მიმართებები (Gordon, Price, Esse, Smith, and others). თანამედროვე მკვლევრების უმრავლესობა ინტეგრაციას განიხილავს, როგორც სოციალურ და არა როგორც ადმინისტრაციულ, ბიუროკრატიულ, ან იურიდიულ საკითხს ( Kamali, 1999).

კლიმატის ცვლილების კუთხით, ადაპტაცია ნიშნავს გარემოს ან ადამიანების შეგუებას მიმდინარე ან მოსალოდნელ კლიმატის სტიმულებზე, ან მათ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება ზიანის შემცირებისკენ ან რამე სახის სარგებლის მოძიების შესაძლებლობებისკენ იყოს მიმართული. (IPCC 2014). ეს პროცესი მოიცავს შეგუებას ცხოვრების წესის, ქცევისა და სოციო-ეკონომიკური სტრუქტურების, ასევე მიწის მოხმარების, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური პროცესების კუთხით (ეკოსისტემებზე დაფუძნებული პასუხებისა) (Smit et al. 2000; Ojea 2015; Vignola et al. 2015).

ქალებისა და, ზოგადად, დაქვემდებარებული ჯგუფების შემთხვევაში, მიგრაცია ხშირად დაკავშირებულია რთულ ცვლილებებთან, რომლებიც კატეგორიულად ცვლიან ყველაზე ინტიმურ განზომილებებს ინდივიდის ცხოვრებაში: გრძნობებს, თვითრეპრეზენტაციის სტრატეგიებს, სოციალურ ინტერაქციას და საკუთარი ცხოვრების განვითარების წარმოდგენის შესაძლებლობას (Nolin, 2006). შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადაპტაციის ამ სპეციფიური ასპექტების გაანალიზებაც. ასევე, ჩვენ არ ვეყრდნობით ვიწროდ ფსიქოლოგიზებულ განმარტებას, რომელიც ადაპტაციას მხოლოდ ინდივიდის პირადი მახასიათებლების და, შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის ჭრილში განიხილავს. ადაპტაცია ჩვენთვის პროცესია, რომელიც მრავალ კომპონენტს მოიცავს და მხოლოდ მათ ჯამსაც არ წარმოადგენს. მოკლედ შევეხებით იმ ძირითად ასპექტებს, რომელიც საკვლევი თემიდან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესოა და მათ გენდერულ ჭრილში მიმოვიხილავთ.

Page 17: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

11

2.3.1 ეკონომიკური ადაპტაცია

ქალის სტატუსი და ძალაუფლება ოჯახში დიდწილად მის შემოსავალზეა დამოკიდებული. მეჰნაზ მომენის ბანგლადეშში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში ქალთა ჩართულობა პირდაპირ იყო დაკავშირებული იმაზე, თუ ვინ იყო ,,შემომტანი’’ ოჯახში და რამდენი ჰქონდა მას ხელფასი (Shamin, 1995). ბინა აგარვალის მიხედვით (1997), სოფლებში მცხოვრები ქალთა ძალაუფლება და სტატუსი ოჯახში დამოკიდებულია შემდეგ რვა ფაქტორზე: 1) სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობა ან კონტროლი; 2) წვდომა დასაქმებაზე ან რაიმე სახის შემოსავალი; 3) კომუნალური რესურსების ხელმისაწვდომობა, როგორიცაა სოფლის საზოგადო სიკეთეები; 4) ტრადიციულ მხარდაჭერის სისტემებზე წვდომა, როგორიცაა პატრონაჟი, ნათესაობა, კასტური სისტემები; 5) არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა; 6) სახელმწიფოს დახმარება; 7) სოციალური საჭიროებების, კონტრიბუციისა თუ სხვა ფაქტორების აღქმა; 8) სოციალური ნორმები. კვლევის ანალიზის ნაწილში შევეცდებით, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით გავაანალიზოთ უდაბნოში მცხოვრები ეკომიგრანტი ქალების ახალ საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტაციის ასპექტები.

2.3.2 გეოგრაფიული ადაპტაცია

კლიმატის ცვლილების კვლევისას მნიშვნელოვანია კლიმატისა და მიგრაციის ურთიერთდამოკიდებულების ანალიზი კლიმატის ცვლილებისადმი ადამიანის მოწყვლადობის კონტექსტში. მოწყვლადობაში იგულისხმება, თუ რამდენად შეუძლიათ ადამიანებს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში არსებობა, რამდენად სენსიტიურები არიან სოციო-ეკონომიკური სისტემებთან მიმართებით და როგორია მათი შეგუების პროცესი ახალ გარემო პირობებთან. შეგვიძლია, მიგრაცია განვიხილოთ კლიმატური ცვლილებთან ადაპტაციის ერთ-ერთი პასუხად/შედეგად/რეაქციად. (Robert A. McLeman1,* and Lori M. Hunter2).

მართალია, ჩვენ გეოგრაფიულ ადაპტაციას არ ჩავუღრმავდებით, თუმცა ეს ასპექტი მაინც მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, ვინაიდან ჩვენი კვლევის მონაწილეებს ძალიან დრამატულად მოუწიათ გადაადგილება სრულიად განსხვავებულ კლიმატურ პირობებში.

2.3.3 ინტეგრაცია და სოციალური კაპიტალი

ჩვენი რესპონდენტები არა მხოლოდ ახალ გეოგრაფიულ გარემოსა და ეკონომიკურ მოცემულობასთან, არამედ ახალ სოციუმთან შეგუების გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესოა მათი სოციალური ურთიერთქმედება როგორც ადგილობრივად სოფლის, ისე რაიონის და საზოგადოების დონეზე. ასევე სახელმწიფოს მიდგომა მათი ხელახალი ინტეგრაციის პროცესისადმი.

ზოგადად, ინტეგრაცია გრძელვადიანი პროცესია, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე, სამიზნე ჯგუფებზე მორგებულ რიგ პოლიტიკურ ქმედებებს საჭიროებს. ეს პოლიტიკები შეიძლება მიემართებოდეს მიგრანტების და დევნილების დასახლების პროცესს, აგრეთვე რასობრივ, ეთიკურ, რელიგიურ, თუ გენდერული განსხვავებების სპეციფიკის გათვალისწინებას.

ახალ სოციალურ მოცემულობაში ინტეგრაცია, არა მხოლოდ ემოციურად უკეთ გამკლავებას, არამედ ეკონომიკური გადარჩენის პრობლემასაც უკავშირდება. ფართო განსაზღვრებით,

Page 18: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

12

სოციალური კაპიტალი არის სოციალურ კონტექსტში მონაწილეობის შედეგი. ის შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც სოციალური აგენტების (ინდივიდების და ჯგუფების) ჰორიზონტალური ურთიერთმიმართება, დამყარებული ნდობაზე, კომუნიკაციაზე და მატერიალურ, სიმბოლურ და სხვა გაცვლებსა და შეთანხმებებზე. სოციალური კაპიტალის თემა რელევანტურია, როცა ვსაუბრობთ სოციალური გაძლიერების, ინტეგრაციის და სოციალური მონაწილეობის დონეებზე. მეორე მხრივ, სოციალური კაპიტალი კარგად აჩვენებს სოციალურ ორგანიზაციას, მისი ყველაზე ფართო გაგებით; ურთიერთობებს, პრინციპებს, ნორმებს, სოციალურ ნდობას და იმ სტრუქტურებს, რომლებიც სოციალური აგენტების ეფექტურობას ზრდიან და ხელს უწყობენ კოოპერაციასა და კომუნიკაციას (Beresnevièiûtë, 2003).

ბურდიე, რომელმაც პირველმა მოახდინა სოციალური კაპიტალის სისტემური ანალიზი, და აგრეთვე სხვა ავტორებიც, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, სოციალური კაპიტალის ცნებას იყენებენ ინსტრუმენტული გზით, ანუ, პირველ რიგში, გამოყოფენ იმ სარგებელს, რომელსაც ინდივიდები, ჯგუფები, ან სხვა სოციალური აგენტები იღებენ სოციალური სფეროთი ან სოციალური რესურსების წარმოებით. ამ კუთხით, სოციალური კაპიტალის ორი ელემენტი შეიძლება გამოიყოს: სოციალური ურთიერთობები, რომლებიც სოციალურ აგენტებს რესურსების მოპოვების საშუალებას აძლევს და ამ რესურსების ხარისხი და რაოდენობა (Beresnevièiûtë, 2003).

ავტორთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ სოციალური კაპიტალის განვითარებისა და გამოხატვისთვის საუკეთესო ადგილია სამოქალაქო საზოგადოება, იმ კონტექსტში, რომელშიც ადამიანები, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შედეგად, ქმნიან და ჩართულნი არიან მოხალისეობრივ ქსელებში საკუთარი ოჯახების, რწმენების, ინტერესებისა თუ იდეოლოგიის გამო. სოციალური კაპიტალისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება დაფუძნებულია სოციალური კაპიტალის მთავარ ნაწილზე და ნდობაზე (Foley, 1998).

სოციალური კაპიტალის ფუნქციონალისტური მიდგომა ასევე დაკავშირებულია სოციალური ინტეგრაციის პრობლემასთან. პორტესი გამოყოფს სოციალური კაპიტალის სამ ძირითად ფუნქციას: სოციალური კონტროლი (მჭიდრო კავშირებზე და საერთო ვალდებულებებზე დაფუძნებული), მხარდაჭერა (ძირითადად, ოჯახის როლებზე მიბმული) და სოციალური ქსელები (Portes, 2000). მესამე ფუნქცია ძირითადად განიხილება სამსახურის პოვნის უნართან/ შესაძლებლობასთან, სოციალური მობილობის ცნებასთან და სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური გარიგების წარმატებასთან ერთად. აგრეთვე, სოციალური კაპიტალისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გამართული განათლების, ჯანდაცვის, ტრანსპორტის სისტემების არსებობას და კომუნიკაციას სოციალური ინტეგრაციის პროცესის კონტექსტში. (Beresnevièiûtë, 2003)

როგორც ვხედავთ, სოციალური ინტეგრაცია და კაპიტალი მნიშვნელოვანი ცნებებია ჩვენს კონტექსტში, ვინაიდან ჩვენმა რესპონდენტებმა დაკარგეს გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი კავშირები და ახლის შეძენის გამოწვევის წინაშე დადგნენ.

2.4 დაქვემდებარება და ქმედითუნარიანობა

როცა ადაპტაცია ასეთი კომპლექსური ფენომენია, როგორ შეიძლება მასზე საუბარი და თან ისე, რომ თავი ავარიდოთ სუბიექტების ესენციალიზებას, ჩვენს შემთხვევაში, მათი წარმოსახული ბუნებრივი მახასიათებლებისთვის მიწერას ან მხოლოდ არასახარბიელო გარემო პირობების „მსხვერპლებად“ წარმოჩენას. ამის მიმართ ჩვენს მიდგომაზე გვინდა შევაჩეროთ ყურადღება.

ეკომიგრაცია ადამიანებს მრავალ ზიანს აყენებს: გავლენას ახდენს მათ შემოსავლის

Page 19: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

13

მოპოვების შესაძლებლობებზე, ცვლის მათ ნორმალური ცხოვრების წესს, საზოგადოებში მათ მარგინალიზებულ მდგომარეობაში აყენებს. როგორც საღი აზრის, ისე კვლევების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაგრული ჯგუფები უფრო მეტ გამოწვევას აწყდებიან ადაპტაციის პროცესში, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წარმოვაჩენთ ქალებს – „მსხვერპლებად“ თუ „გადარჩენილ მებრძოლებად“. კლიმატის ცვლილების დისკუსიებში ქალები, ძირითადად, წარმოჩენილნი არიან, როგორც ,,მოწყვლადი ჯგუფი,“ თუმცა საკმაო მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ გადავიაზროთ ქალების პასიური როლი და ყურადღება გავამახვილოთ მათზე, როგორც აქტიურ აგენტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები მრავალ პრობლემას განიცდიან ადაპტაციის პროცესში პატრიარქალური სოციალური სტრუქტურის გამო, მიგრანტ ქალებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, საზოგადოებაში საკუთარი გენდერიზებული სტატუსის შეცვლისა. შემოსავალი ოჯახს გარეთ მათ სტატუსს ოჯახში და საზოგადოებში მკვეთრად აძლიერებს და მარგინალიზებული პოზიციის შეცვლის საშუალებას აძლევს. შემოსავალი აგრეთვე დადებითად მოქმედებს ქალების მობილობაზე, ცვლის მათ ღირებულებებს, ხელს უწყობს გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობას და, ზოგადად, აუმჯობესებს მათი ოჯახის კეთილდღეობას. ქალები ექსტრემალურ სიტუაციებში უფრო მეტად ავლენენ ახალი მეთოდებისა და გადარჩენის გზების მოძებნას, ვიდრე კაცები. შესაბამისად, ეკომიგრანტი და, ზოგადად, მიგრანტი ქალები, შეიძლება ცოდნის პოტენციურ წყაროებადაც იქნან გამოყენებული, როცა ეკომიგრაციასთან გამკლავებაზე მიდგება საუბარი. (Mallick, Etzold 2015)

Page 20: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

14

3 მონაცემთა ანალიზი

3.1 საკანონმდებლო სივრცის მიმოხილვა

წინა თავში ეკომიგრაციის ასახსნელად თეორიულ დებატები განვიხილეთ, ამ თავში კი საქართველოს მაგალითზე ვისაუბრებთ და მოკლედ მიმოვიხილავთ ეკომიგრაციასთან დაკავშირებულ ადგილობრივ კანონმდებლობას.

ვინ არიან ეკომიგრანტები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით? საკუთრივ ტერმინის განმარტებას 2013 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 779–ე ბრძანებაში ვხვდებით, რომლის მიხედვითაც ,,ეკომიგრანტი ოჯახი წარმოადგენს განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრებ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრეს, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. პოტენციურ ეკომიგრანტ ოჯახად კი ითვლება ოჯახი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მის საკუთრებაში არსებულ ქონებას საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები’’ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, 2013).

როგორც განმარტებაში ვხედავთ, სახელმწიფოს მიერ ეკომიგრაცია განიხილება მხოლოდ სტიქიური უბედურებების ჭრილში და ოჯახთან მიმართებაში. ამასთან, ეს უკანასკნელი განიმარტება სივრცობრივი თანაცხოვრების და საერთო შინამეურნეობის კონტექსტში.

საქართველოს მოსახლეობას ეკომიგრაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები დიდი ხანია აწუხებს. ისტორიულად რომ მიმოვიხილოთ, ეკომიგრაციის პირველი შემთხვევა საბჭოთა პერიოდში ფიქსირდება, 1980–იან წლებში; ეკომიგრაციის მეორე ტალღა კი 1991–1992 წლებში. ერთ–ერთ პირველი ეკომიგრაციის ფაქტი უკავშირდება 1991 წლის რაჭაში მომხდარ მიწისძვრას, რომლის შედეგადაც 200 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. განსახლების პროცესი საკმაოდ შეზღუდული იყო და მხოლოდ ცალკეული შემთხვევები გვარდებოდა, რაც, ძირითადად, კორუფციასა და ცალკეული ჩინოვნიკების პირად გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა (CENN, 2013).

რაც შეეხება ეკომიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის ახალ ეტაპს, რომელიც 2003 წლიდან იწყება, მას თან სდევს გარკვეული ცვლილებები, კერძოდ, ეკომიგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის. სამინისტროს მიერ კი 2006 წლიდან 2010 წლამდე ყოველწლიურად დაახლოებით 100 ეკომიგრანტი ოჯახის განსახლება განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2004–2011 წლებში სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა რეგიონში ეკომიგრანტთა 1064 ოჯახი იქნა განსახლებული, ხოლო 2010–2014 წლებში ეკომიგრანტთა განსახლებისთვის 1,6 მილიონ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული და 86 საცხოვრისი იქნა შეძენილი (თინათინ ზურაბიშვილი & გიორგი თავბერიძე, 2016). იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წლისთვის დახმარებას დაახლოებით 37 ათასი ოჯახი საჭიროებდა (აქედან 11 ათასი სასწრაფო განსახლებას საჭიროებდა), ზემოთ მოცემული განსახლების მაჩვენებელი საკმაოდ მიზერულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2003 წლამდე არსებული განსახლების პოლიტიკა ხშირად გაკრიტიკდა კიდეც გაუმჭვირვალე პროცესისა და შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების გამო.

სახელმწიფო პოლიტიკა ეკომიგრანტებთან მიმართებით თითქმის უცვლელი იყო 1990-იანი წლების განმავლობაში, თუმცა გარკვეული ცვლილებები განხორციელდა ცალკეული სამართლებრივი აქტების მიღებით. თავიდან ეკომიგრატთა დახმარება მოიცავდა

Page 21: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

15

საკომპენსაციო თანხების გადაცემას უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება საკანონმდემდებლო რეგულაციებს, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტის 2013 წლის # 779 ბრძანებით. ამის საფუძველზეშეიქმნა განსახლების საკითხთა მარეგულირებელი კომისია, რომლის კომპეტენციაშიც შედის ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის წესების და კრიტერიუმების შემუშავება (სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახები: სახელმწიფო მხარდაჭერა და აღრიცხვა, 2016).

სწორედ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ეკომიგრაციის პროცესთან დაკავშირებით კერძო საკუთრების არარსებობასა და საცხოვრებელი ადგილების დაკანონების საკითხს უკავშირდება. როგორც აღინიშნა, რამდენიმე ათეული წლის წინ ეს საკითხი კონკრეტული ჩინოვნიკების ინდივიდუალური გადაწყვეტილებების საფუძველზე წყდებოდა. 2013 წლიდან კი ზემოთ აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა საცხოვრებელი სახლების განაწილების წესი და გადაცემის კრიტერიუმები. განსახლების მარეგულირებელი კომისია მინიჭებული ქულების მიხედვით წყვეტს სახლების გადაცემის საკითხს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტის 2013 წლის # 779 ბრძანება, მნიშვნელოვან პოზიტიურ სიახლეს მოიცავს. ამ ბრძანების მიხედვით 2013 წლიდან ეკომიგრანტებს საშუალება აქვთ თავად შეარჩიონ განსახლების რეგიონი, რაც ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტრეგრაციის პრობლემებთან გამკლავების ერთ–ერთი კარგი სტრატეგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ უცხო გარემოში ჩასახლება უამრავ სოციალურ, ფსიქოლოგიურ თუ ყოფით პრობლემასთანაა დაკავშირებული, სასურველი განსახლების არეალის შერჩევა ჩასახლების პროცესს უფრო დაგეგმილსა და თანმიმდევრულს გახდის.

რაც შეეხება სახლების დაკანონების პრობლემას, რომელიც დღემდე მოუგვარებელი რჩება, ამ მხრივ აღსანიშნავია “სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის #996 განკარგულება, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ აქტიურად დაიწყო ამ საკითხის გადახედვა (დემოკრატიის ინსტიტუტი, 2016) ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს, დღესაც ათასობით ოჯახი ელოდება მიწისა და სახლის დაკანონებას.

ეკომიგრანტთა განსახლების პოლიტიკის არასისტემურობასა და ბუნდოვანებას ისიც ამყარებს, რომ არ არის განსაზღვრული ეკომიგრანტთა სამართლებრივი სტატუსი, ამასთან, უცნობია ეკომიგრანტი ოჯახების ზუსტი რაოდენობა. თუმცა სახალხო დამცველის ანგარიშებიდან შეიძლება განისაზღვროს მათი დაახლოებითი რაოდენობა და ეს რიცხვი 35 200–ს შეადგენს.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის (სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახები: სახელმწიფო მხარდაჭერა და აღრიცხვა) ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის მდგომარეობით განსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების ჯამური რაოდენობა 3706–ს შეადგენდა, ხოლო ჩასახლებული ეკომიგრანტ ოჯახთა რაოდენობა 5651–ს.

ამდენად, ეკომიგრაციის სახელმწიფო რეგულაციაში იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა: სახლების დაკანონების (პრივატიზაციის), სტატუსის განსაზღვრასა და შემდგომ ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების სტრატეგიის არარსებობა, ზუსტი სტატისტიკის არარსებობა. სახელმწიფო და საკანონმდებლო დონეზე ეკომიგრაციის ერთგვარ „ნაცრისფერ ზონებში“ არსებობა პირდაპირ კავშირშია ეკომიგრანტების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკასა და მათ მდგომარეობასთან, რაზეც შემდგომ თავებში უფრო

Page 22: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

16

დეტალურად ვკონცენტრირდებით.

3.2 სოფელ უდაბნოს ისტორიულ-გეოგრაფიული კონტექსტი

ვინაიდან კვლევა სოფელი უდაბნოსა და სვანეთიდან ჩამოსახლების ურთიერთგადაჯაჭვულ ისტორიებს ეყრდნობა, სანამ უშუალოდ ჩვენი ინტერვიუების ანალიზზე გადავალთ, ქრონოლოგიურად მივყვებით იმ ისტორიულ-გეოგრაფიულ კონტექსტს, რომელშიც გადმოსახლება მიმდინარეობდა.

„წინათ, ოდესღაც, აქაც სოფელი ყოფილა, ვაზოვანი, ყვავილოვანი, ბაღებითა და ქართული აივნიანი სახლებით... ყოფილა სოფელი უდაბნო... ახლა გარეჯის უკაცრიელ, ტარიელ ზეგანს შეფარებია უდაბნოს ნასოფლარი. ის წალკოტი, რომელი უწინ ყოფილა ამ მიწაზე, დღეს სიცარიელეს სიჩუმეს მოუცავს“.

ლიტერატურული საქართველო. 21 ნოემბერი 1980

ასე აღწერს „საბჭოთა საქართველოს“ ჟურნალში ავტორი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე, დღესდღეობით ზემო სვანეთიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ უდაბნოს, რომელმაც, ისტორიული წყაროების მიხედვით, პირველად 1927 წელს დაიწყო აქტიური ფუნქციონირება, თუმცა სხვადასხვა დროს ბუნებრივი, სოციალური და ეკონომიკური მიზეზების გამო ხან ცარიელდებოდა, ხან კი ახალ სიცოცხლეს იძენდა.

სოფელი ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში, გარეჯის ზეგანზე, ადმინისტრაციული საზღვრიდან დაახლოებით 8-9 კილომეტრში და რაიონული ცენტრიდან 45 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი კახეთის ნახევარუდაბნო ლანდშაფტზე, ზღვის დონიდან 750 მეტრზე, ზომიერად მშრალ სტეპურ კლიმატურ სარტყელშია განლაგებული. საშუალოდ, უნალექო დღეების რაოდენობა აქ 33-37 დღეს აღწევს და ხასიათდება ცხელი ზაფხულით და გვალვით, უმეტესად, ივლისსა და აგვისტოში (2).

სოფლის დაარსებისთანავე ცხადად იკვეთება მისი სოციალური, ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელოვნების დინამიკა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში. სოფელი უდაბნოს დაფუძნება და განვითარება, ერთი მხრივ, აქ არსებული სახნავ-სათესი და საძოვარი მიწების ათვისებისთვის იყო მნიშნელოვანი, რადგან, როგორც გადმოცემებიდან ირკვევა, ამ ადგილს ერთ დროს “კახეთის ბეღელსაც“ კი უწოდებდნენ, ისეთი მრავალმოსავლიანი ყოფილა. მეორე მხრივ, სოფლის მახლობლად VI საუკუნის რელიგიურ-კულტურული ცენტრის, სამონასტრო კოპლექსი დავითგარეჯას, არსებობა, ამ ტერიტორიას სოციალურ-კულტურულ მნიშვნელოვნებას სძენს. ამასთან ერთად, როგორც წყაროებიდან ირკვევა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საზღვრისპირა ტერიტორიებზე დემოგრაფიული ბალანსის შესაცვლელად 1980-იანი წლების ბოლოს ეკომიგრანტების აქ დასახლება ხელისუფლებისთვის სტრატეგიულ-პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ატარებდა(3).

1927 წელს ამ სოფელში, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში ერთ-ერთი პირველი მეცხვარეობის სპეციალიზებული მეურნეობა შექმნილა, სადაც ახალი ჯიშის ცხვარი გამოუყვანიათ, თუმცა ამას შემდგომ წლებში სოფლის დაცარიელებისთვის ხელი არ შეუშლია (ლიტერატურული საქართველო, 1980).

საბჭოთა საქართველომ 80-იან წლებში აქ დაბა-დასახლება „უდაბნოს ოაზისის“ აღმშენებლობა განიზრახა და დასახლებისა და მეურნეობის აღმშენებლობის ინტენსიური სამუშაოები დაიწყო. საქართველოს კომპარტიის საგარეჯოს რაიკომის პირველი მდივნის,

Page 23: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

17

მედეა მეზვრიშვილის, თაოსნობით აქ ინტენსიური აღმშენებლობა დაწყებულა (სახალხო განათლება, 1980). 1975 წელს, მას შემდეგ რაც უდაბნოს საბჭოთა მეურნეობა საგარეჯოს რაიონს დაუბრუნდა, გაიჭრა საგარეჯო-უდაბნოს სამანქანო გზა, გაიხსნა სკოლა, ბაგა-ბაღი, სამედიცინო პუნქტი, ფოსტა, ბიბლიოთეკა, დაიწყო საცხოვრებელი სახლების ინტენსიური მშენებლობა. 1980 წელს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს პირველი დამფუძნებელი სესია გაიმართა, რომელშიც მაშინდელი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძეც მონაწილეობდა (ლიტერატურული საქართველო, 1980).

3.3 გადმოსახლება

როგორც უკვე მეთოდოლოგიაზე საუბრისას აღვნიშნეთ, ჩვენი კვლევა სამ განსხვავებულ ეპოქას მიემართება, დაყოფის საფუძველი კი სახელმწიფო მოწყობის მნიშვნელოვანი ცვლილებებია. რესპონდენტთა მონათხრობის საფუძველზეც აშკარად იკვეთება და თვალშისაცემია სახელმწიფოს პოლიტიკებს და ეკომიგრანტების მდგომარეობას შორის კავშირი.

სოფელ უდაბნოს აღმშენებლობის პარალელურად, 1987 წელს დიდი სტიქიური უბედურება მოხდა ზემო სვანეთის მულახის თემში. 1986-1987 წლის ზამთრის დიდთოვლობამ გაზაფხულ-ზაფხულში ბიძგი მისცა მეწყრულ პროცესებს, რომლებმაც, თავის მხრივ, დიდი როლი ითამაშა ღვარცოფული ნაკადების ფორმირებაშიც (UNDP Georgia, 2014). დიდთოვლობას, რომლის მოცულობაც 1.5 მილიონი მ³, ხოლო სიღრმე – 80-100 სმ. იყო, მსხვერპლი და საცხოვრებელი-სამეურნეო ზარალი მოჰყვა. აქ არსებული სოფლები ზვავსაშიშ ზონაში შევიდა. ამ სტიქიის შესახებ UNDP-ის ერთ-ერთ კვლევაში ვკითხულობთ: “სტიქიას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია, მას ემსხვერპლა 68 ადამიანი. სრული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ ისტორიას არ ახსოვს მსგავსი მოვლენა, რაც კიდევ ერთი არგუმენტია კლიმატის ცვლილების მიმდინარეობის, როგორც შემდგარი ფაქტის, სასარგებლოდ. მესტიის მუნიციპალიტეტში 1987-1988 წლებში სტიქიის ზონიდან ევაკუირებული იქნა 350 ოჯახი” (UNDP Georgia, 2014).

სტიქიური უბედურების გამო დაზარალებული და ზვავსაშიშ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებლითა და საჭიროებებით დაკმაყოფილება კახეთსა და ქვემო ქართლში ეტაპობრივად დაიწყო. ცივ ზამთარსა და ხანმოკლე ზაფხულს მიჩვეულ მოსახლეობას, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 1700-1800 მეტრზე (ნოტიო ჰავად დახასიათებულ კლიმატურ სარტყელში) ცხოვრობდა, დაზიანებული სახლების, დაკარგული მეურნეობისა და კუთვნილი მიწების დატოვება და ყოველგვარი მატერიალური და ქონებრივი სახსრების გარეშე ბარში ჩამოსახლება მოუწია.

სოფელი უდაბნო აღმოჩნა ერთ-ერთი ტერიტორია, რომელიც მზად იყო ახალი მოსახლეობის სწრაფად მისაღებად და დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, 1987-88 წლებში სოფელ უდაბნოში დიდთოვლობის გამო სვანეთიდან ეკომიგრანტი ოჯახების ინტენსიური ჩამოსახლება, კეთილმოწყობა და დაფუძნება დაიწყო. როგორც ერთ-ერთი რესპოდენტი განგვიმარტავს: “ნუ, ეს სოფელი ხო კომუნისტური პროექტი იყო, უნდა აღორძინებულიყო აქაურობა, პერსპექტიული სოფელი იყო. ხვნა-თესვა მიდიოდა, მეურნეობა იყო, მეცხვარეობა იყო, მეძროხეობა იყო. წყალი იყო გრაფიკით. სარწყავი იყო და ძირითადად მემცენარეობით იყვნენ. ქერი, ხორბალი ყველაფერი ითესებოდა”. მოსახლეობის თქმით, მათი დაკმაყოფილება საცხოვრებლით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, სამეურნეო სავარგულებითა და სამუშაო ადგილებით დროულად და ეფექტურად გახორციელდა.

1987 წლიდან ჩამოსახლების პროცესი საბჭოთა კავშირის პერიოდში მიმდინარეობდა.

Page 24: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

18

სწორედ ამ დროს მიიღო საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, მესტიის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო გადმოესახლებინა. სოფელ უდაბნოში ეკომიგრანტთა უმრავლესობა სწორედ დიდთოვლობის პერიოდში გადმოასახლეს გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე. გამოკითხულთაგან მხოლოდ ორი ოჯახი გადმოვიდა 1987 წლის შემდეგ. გადმოსახლებისას სახელმწიფომ უზრუნველყო როგორც შესაბამისი ტრანსპორტი (ვერტმფრენები და ავტობუსები), ისე საცხოვრებელი და საჭირო ნივთები. როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებს “ღუმელიც კი ანთებული დაახვედრეს” ჩამოსულ ოჯახებს. ყველა ახსენებს რაიკომის მდივანს მედეა მეზვრიშვილს, რომელიც ეკომიგრანტების განსახლების პროცესს ხელმძღვანელობდა. გადმოსახლების შემდგომ, სწორედ მედეა მეზვრიშვილის დავალებით, ეკომიგრანტების უზრუნველყოფა საკვებით და საყოფაცხოვრებო ნივთებით ე.წ. „საშეფო ორგანიზაციებს“ დაეკისრათ. ამ უკანასკნელს კახეთის რეგიონში სხვადასხვა მეურნეობის ხელმძღვანელები და ინდივიდები წარმოადგენდნენ, ყველა ოჯახს კი თავისი საშეფო ორგანიზაცია ჰყავდა. ამ პერიოდში სახელმწიფოს არა მხოლოდ შემწეობის, არამედ გაძლიერების პოლიტიკაც შეიძლება ეწოდოს. რაც გულისხმობდა, ერთი მხრივ, დახმარებას - უზრუნველყოფას საცხოვრებლით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და პროდუქტებით და მეორე მხრივ, ეკონომიკის განვითარებას და ხალხის დასაქმებას, რაც ეკომიგრანტებს არა უბრალოდ შემწეობასა და პოლიტიკოსების კეთილ ნებაზე დამოკიდებულს ხდიდა, არამედ, შესაძლებლობას აძლევდა დასაქმებულიყვნენ და აეღორძინებინათ სოფელი. ამის შედეგად, უდაბნო აქტიურად ვითარდებოდა - სოფელს ჰქონდა მეურნეობა, საჭირო ინფრასტრუქტურა, კულტურის სახლი. „დასაქმების მხრივ ყველა დაასაქმეს. მაშინ მეურნეობა იყო, ხორბალი მოდიოდა, მეცხვარეობა, ყველაფერი აბსოლუტურად. ყველა იყო დასაქმებული,“- ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. უფრო მეტიც, ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, მოსახლეობას მათი უნარებისა და განათლების მიხედვით ასაქმებდნენ.

თუმცა სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს იმ რესპონდენტთა მონათხრობი, ვინც მოგვიანებით ჩამოვიდნენ. ერთ-ერთი მათგანი გვიყვება, როგორ გაატარეს 4 თვე თოვლში გაჭედილებმა „იანვრიდან აპრილის შუა რიცხვამდე მარტო ჩვენ შევძელით გზამდე გასვლა. აქამდე არავის მოუკითხავს. განა არ იცოდნენ, არავინ მოგვაქცია ყურადღება. მერე ჩამოვიდნენ და წამოგვიყვანეს“.

იგივე რესპონდენტი გვიამბობს, რომ თუ 1987 წელს ჩამოსულები საცხოვრებლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით დააკმაყოფილეს, 1988 ჩამოსულ ოჯახს დახმარება არ მიუღიათ: „დღესაც არ ვიცით, რომელი სახლი გვეკუთვნოდა, ჩვენ ყველაზე გვიან ჩამოვედით. სანამ ჯიბეში არ ჩავუდევით 200 მანეთი, მანამდე კაციშვილმა არ მოგვაკითხა. არაფერი დახმარება მე არ მახსოვს. ვინც 87–ში ჩამოვიდა, მაგათმა კი მიიღეს რაღაც დახმარებები.“

როგორც ვხედავთ, 87 წლის მერე კორუფცია და პირადი კავშირები დიდ როლს თამაშობდა ჩამოსახლების პროცესშიც კი.

თავისთავად, უდაბნოს განაშენიანების ადგილად შერჩევა ეკონომიკურად მომგებიანი გადაწყვეტილება არ იყო, თუმცა ,,უდაბნოს ოაზისის” მშენებლობა კარგა ხნის დაწყებული იყო გადმოსახლების დროისთვის: „ცოდვა გამხელილი სჯობია და ნაჩუქარ ცხენს კბილები არ ესინჯებაო, მაგრამ საცხოვრებლად აქაურობა არ ვარგოდა. ყველა მხრიდან უბერავდა. რაც ეცვათ ზედ იმით წამოვიდა ხალხი, თორე იქიდან ვერაფერს ვერ წამოიღებდი,“ - ყვება ერთ-ერთი რესპონდენტი. ვინაიდან ჩამოსახლება საბჭოთა პერიოდში მოხდა და ორივე ქვეყანა – საქართველო და აზერბაიჯანი – საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები იყვნენ, ოფიციალური ვერსია საზღვრების გამაგრების შესახებ არ არსებობს, თუმცა რესპონდენტები ჩამოსახლების მიზეზად საზღვრის გამყარებას მიიჩნევენ: „ჩვენ, მაგალითად, ჩვენი კუთხის ხალხი... აი, [აქაურობა] დაპყრობილი ჰქონდათ აზერბაიჯანელებს, ეხლა სალაპარაკო არ არის, მაგრამ ჩვენ რომ აქ არ ჩამოვსახლებულიყავით, აქ იქნებოდა აზერბაიჯანული სოფელი.“

Page 25: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

19

3.4 სახელმწიფოს პოლიტიკა 1990-იანი წლებიდან დღემდე

1990-იან წლები – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი და ე.წ. ტრანზიციის საწყისი პერიოდი – სოფელი უდაბნოს წელგამართული მეურნეობის დაშლითა და კრიზისით იწყება. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: მეურნეობა დაიშალა და სოფელი უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა. „თვითონ ის წყობაც უკვე დაიშალა აღარ არსებობს ის წყობა და ხალხს რომ თავი გადაერჩინა და შიმშილით არ დახოცილიყვნენ, ჩაყრილი წყალგამტარი მილები ამოთხარეს, იმას ჯართში აბარებდნენ და ისე ირჩენდნენ თავს.“ - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. ამ პერიოდში ცენტრალური პრობლემა წყლის არქონაა, რაც დიდწილად ისევ ქალებს შეეხო. „საგარეჯოდან წყალი ჩამოგვიტანია, არ დაგვრჩენია ყველას დაგვებანა.“ - ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი.

წყლის პრობლემა არ მოგვარებულა 2003 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგაც. იგივე შეიძლება ითქვას დასაქმების პრობლემებზეც - მზარდი ეკონომიკის მიუხედავად, სახელმწიფო სრულიად ინდეფერენტული აღმოჩნდა იზოლირებული სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით. 40 წლიანი უწყლობის შემდეგ 2016 წელს სოფელში წყლით მომარაგების სისტემა გაიყვანეს, გაკეთდა გარე განათება და სკვერი, ცხოვრების პირობები კვლავ არახელსაყრელი და მძიმე რჩება. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის 2014 წლის მონაცემებით, სოფელში 597 ადამიანი ცხოვრობს (საქსტატი, 2014). მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობითა და მებაღეობით არის დაკავებული, სოფლის გარშემო არსებული დიდი რაოდენობით სახნავ-სათესი მიწა თითქმის გამოუყენებელია, რადგან სოფელში არ მოიპოვება სარწყავი წყალი. სოფელს, საბჭოთა პერიოდის გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდი სასოფლო სამეურნეო პოტენციალი აქვს, რომელსაც მოსახლეობა სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ვერ განავითარებს. სოფლის ტურისტული პოტენციალიც კი აუთვისებელია, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესი განუვითარებელი რჩება.

სოფლის გეოგრაფიულ-კლიმატური პირობები მაშინაც და ახლაც საკმაოდ მკაცრია და, მეურნეობის წარმოების მხრივ, სპეციფიკური. სავარაუდოა, რომ ტერიტორია, რომელიც ისედაც მლაშე ნიადაგით ხასიათდება, გლობალური კლიმატური ცვლილების პროცესის პარალელურად უფრო და უფრო მოწყვლადი ხდება და რთულ პირობებს ქმნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათვისებისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების წარმოებისთვის. ისტორიულად “კახეთის ბეღლად” წოდებულ მხარეში, დღეს მემინდვრეობა და ბურღულეულის მოყვანა თითქმის არ ხდება და ადგილობრივი მოსახლეობა ამის მიზეზად ინფრასტრუქტურულ გაუმართაობას, სარწყავი წყლისა და სისტემის არარსებობას, ტექნიკის უქონლობას, მიწების დამტკიცებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ძლიერ ქარებსა და გვალვას ასახელებს. ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით: “მოუსავლიანი არ არისო, ეხლა მე რამდენჯერ ვცადე, სიმინდი დავთესე არ გამოგვივიდა, კულტივაცია ყველაფერი ჩავატარეთ, გავიხედეთ მეორე დღეს სადაა შენი სიმინდი, საერთოდ ისე გააქრო ქარმა. დავთესეთ შვიდი ჰექტარი ხორბალი, როგორ ნაწვალებით ნაყიდი თესლი, დახვნა, დაფარცხვა ყველაფერი ხომ უნდა, რავარც თქვენ არ შესულხართ იმ შვიდ ჰექტარში, ისე ჩვენ არ შევსულვართ. ატყდა გრიგალი შემოდგომით და მთელი ჩვენი ნათესი, ყველაფერი ქარმა წაიღო და მინდვრებში ამოვიდა ხორბალი და ჩვენს დახნულზე არაფერი”. მეორე რესპოდენტი, კი გვიზიარებს, რომ მიწების დამტკიცებასთან დაკავშრებული პრობლემების მოგვარებით, შესაძლოა, ალტერნატიული გზებიც გამოინახოს: “არის გვალვაგამძლე კულტურები და დავთესავ იმ გვალვაგამძლე კულტურებს და მოვიყვან მოსავალს. მექნება მე ჩემი სიმინდიც, ჭირნახულიც, ყველაფერი მექნება და მოვუვლი. ამას სჭირდება უბრალოდ კეთილი ნება ჩვენი ხელისუფლებისგან, რომ ჩვენ, ეკომიგრანტებს, მიწა დაგვიმტკიცონ, საკუთრებაში მოგვცენ ჩვენი მიწა”.

მართალია, ეკომიგრაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო სივრცეში გარკვეული

Page 26: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

20

პოზიტიური ცვლილებები მოხდა, , მაგრამ უდაბნოს მოსახლეობისთვის პრაქტიკული თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილა. სოფლისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი დღემდე განუსაზღვრელი რჩება და, შესაბამისად, მოსახლება არანაირ დახმარებას და შეღავათებს არ იღებს. ეკომიგრანტის სტატუსთან მიმართებით მოსახლეობის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ზოგი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ეკომიგრანტის სტატუსი უნდა ჰქონდეს და ამ სტატუსს დახმარებასთან აკავშირებს: „სტატუსის მინიჭება რომ იქნება, ყველა ოჯახი ფულად დახმარებას იტყვის პირველად. აი, როგორც ლტოლვილებს აქვთ. 45 ლარი იქნება, 80 ლარი იქნება თუ 10. ამ ეკომიგრანტების 90% აირჩევს ამას“.

მეორე მხრივ, ეკომიგრანტთა რაღაც ნაწილი მიიჩნევს, რომ სტატუსის მიცემა მხოლოდ ეკომიგრანტებისთვის უსამართლოა და სოფელს გაყოფს, ამის სანაცვლოდ კომპრომისულ გამოსავლად სასაზღვრო სოფლის ან მაღალმთიანობის სტატუსის მინიჭება მოიაზრება. სასაზღვრო სოფლის სტატუსთან დაკავშირებით ვერც წინა და ვერც ახლანდელმა ხელისუფლებამ პასუხი ვერ გასცა ადგილობრივ მოსახლეობას. რაც შეეხება მაღალმთიანობას, მართალია, ამ სტატუსს ანიჭებენ 800 მეტრს ზემოთ მდებარე დასახლებას, თუმცა კანონი ასევე უშვებს: „ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა.“ (საქართველოს პარლამენტი, 2015). ამ ჩამონათვალში უდაბნო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა სოფლებისგან ( მაგ. ზემო სვანეთის სოფლებისგან) განსხვავებით, იზოლაცია, ეკონომიკური პრობლემები და რესურსების სიმწირე სოფლის დემოგრაფიაზე პირდაპირპროპორციულად აისახება. გაუგებარია, რატომ არ ითვალისწინებს სახელმწიფო უდაბნოს მკაცრ კლიმატს და რატომ ხელმძღვანელობს მხოლოდ ზღვის დონიდან დაშორების კრიტერიუმით მასთან მიმართებაში.

ამ ყველაფერთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა დიდი ხანია ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მიწების დაკანონება ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა, რაც როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე სოფლის მოსახლეობის სოფლისადმი დამოკიდებულებაზე აისახება. „მიწას რომ დამიმტკიცებენ და რაღაცა, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სარწყავი სისტემა - მელიორაციაც იყოს მერე უკვე სოფელში“,- ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. მიწის საკუთრებაში არქონა და, შესაბამისად, გარანტიების არარსებობა არასტაბილურობის განცდას ბადებს მოსახლეობაში. „ერთ დღეს ვინმე რომ მოვიდეს და იყიდოს“ მათი მიწები, ვერაფერს დაუპირისპირებენ.

მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ 2015 წლიდან, მართალია, სოფელს წყალი აქვს, სოფელს წყალი აქვს, თუმცა სასმელი და სარწყავი წყლის ტარიფები ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული და, შესაბამისად, მისი სარწყავად გამოყენება ოჯახისთვის წარმოუდგენელ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს პრობლემა მეხილეობის, მებაღეობის, მემინდვრეობის განვითარებას უშლის ხელს და, დასაქმების მხრივ, ორ გამოსავალს ტოვებს მოსახლეობისთვის: სოფელს გარეთ უნდა ეძებონ სამსახური ან მესაქონლეობაში ჩაერთონ. ქალებისთვის ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტადაა შეზღუდული და ბაღში/სკოლაში დასაქმებით ან საქონლის მოვლით და რძის პროდუქტების წარმოებით შემოიფარგლება.

სოფელს გარეთ დასაქმებაც თავის მხრივ, პრობლემურია, ვინაიდან რეგიონულ ცენტრსა და თბილისში ტრანსპორტი დღეგამოშვებით დადის. ერთ-ერთი რესპონდენტი გვიამბობს, რომ ქალებმა, რომელთაც თბილისში სამკერვალო ფაბრიკაში უნდა ემუშავათ, სწორედ ტრანსპორტის არარსებობის გამო ვერ შეძლეს დასაქმება. რამდენიმე წლის წინ იზოლაცია კიდევ უფრო მწვავე იყო, შემდგომ, როგორც რესპონდენტები ამბობენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით დამატებით სამარშრუტო ტაქსები დაინიშნა. პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება ასევე სოფლის განვითარების თვალსაზრისით: სოფელს აქვს ამბულატორია და ახალი ბაღი, თუმცა გზები, როგორც სოფელს შიგნით ისე ნაწილობრივ სოფელს გარეთ, ჯერ კიდევ შესაკეთებელია, რაც ისედაც მოწყვეტილი სოფლიდან გადაადგილებას კიდევ უფრო

Page 27: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

21

ართულებს.საბოლოოდ, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ძირითადი ფულადი შემოსავალი

პენსიაა. სამომხმარებლო ვალი კი ყველას აქვს და ხშირად მათი ერთადერთი შემოსავალიც ამ ვალის გადახდას ხმარდება. „პენსია მაქვს, მარა მეზობლის ის ვიყავი [იხსენებს], ბანკი ჰქონდა გამოტანილი მეზობელს და თავდებში ვიდექი მე. დამიყადაღეს სახლი სვანეთში. და ეხლა გადაუხდელობის გამო პენსიაც დამიყადაღეს. ეხლა იმასაც ვერ ვღებულობ. 1 წელია ასეა,” - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.

ამრიგად, ეკონომიკური მდგომარეობა სოფელში ტრანზიციის პერიოდში (1990-იანებში) მკვეთრად გაუარესდა; 2003 წლიდან, ნეოლიბერალურ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლის შემდეგ, ეს მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ხელშეწყობა, მიუხედავად ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მცირე გაუმჯობესებისა, ძალიან ფრაგმენტული და არასტაბილურია.

3.5 ქალების მდგომარეობა და საჭიროებები

იზოლაცია, უმუშევრობა და წყლის პრობლემები სპეციფიკურად აისახება ქალებზე. სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებული ინიციატივები, როგორც წესი, გენდერულად სენსიტიური არ არის. წლების მანძილზე წყლის არქონამ ქალების ისედაც აუნაზღაურებელი და დაუფასებელი საშინაო შრომა კიდევ უფრო გაართულა. „ქალები ვართ და რამხელა სისუფთავე გვჭირდება. ძალიან საშინელება გადავიტანეთ,“- ამბობს ერთი რესპონდენტი. რა თქმა უნდა, ქალებს „ბუნებრივად“ მეტი წყალი არ სჭირდებათ. მიზეზი იმისა, რომ უწყლობის პრობლემა ქალებს უფრო მეტად ეხებათ, შრომის გენდერული გადანაწილებაა. 1990-იან წლებში სხვა პრობლემებიც ექმნებოდათ „სისუფთავის შენარჩუნებისთვის“. „ქალები ვართ ყველანი და სარეცხის ფხვნილი და საპონი არ გვქონდა,“ - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც განათლებით ქიმიკოსია და თვითონ ხარშავდა საპონს. უწყლობა არა მხოლოდ მათ ოჯახებს, ტანსაცმელს, ჭურჭელს, არამედ ქალის როლსაც „ემუქრებოდა“, რომელიც სისუფთავესთან, „ყვავილების სიყვარულთან“ და საშინაო შრომის კარგად შესრულებასთან არის პირდაპირ კავშირში.

ამ პრობლემებმა ქალების შრომა და საჭიროებები უფრო ხილული გახადა მათთვის. ეს საგულისხმოა, ვინაიდან სხვა სოფლებისგან განსხვავებით, სადაც ქალებს ასევე უწევთ ჭიდან, წყაროდან მოიტანონ წყალი, უდაბნოში არც ჭის და არც წყაროს საშუალება არ იყო, რის გამოც ის გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ სხვა სოფლებთან მიმართებაში. ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა მიუთითებს იმაზე როგორ დაამძიმა ქალის შრომა უწყლობამ. შრომის გენდერული გადანაწილებას რაც შეეხება, რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს რომ საშინაო საქმე, შვილებზე ზრუნვა, საქონლის მოვლა და ყველის ამოყვანა ქალის საქმეა.

ანალოგიური მიმართებაა მეცხოველეობის მიმართაც, რომელიც ოჯახების უმრავლესობისთვის მთავარი მატერიალური შემოსავლის წყაროა. ამ შემთხვევაში ძროხების უზრუნველყოფა საკვებით მამაკაცის მოვალეობად ითვლება, ხოლო ქალები მოწველას, მოვლასა და რძის პროდუქტების წარმოებაზე არიან პასუხისმგებელი. გასაკვირი არ არის, რომ ამ მხრივ არც რამე ტიპის დახმარებას იღებენ ქალები, არც რამე ინიციატივებზე მიუთითებენ, რომელიც მათ სასაქონლო მეურნეობისთვის საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმარებოდათ. უფრო მეტიც, ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივები ძირითადად ერთჯერადია და ქალების შრომის ექსპლუატაციაზე ორიენტირებული. მაგალითად, ერთ-ერთი რესპონდენტი გვიყვება: „ამათმა [არასამთავრობო ორგანიზაციებმა] ეხლა ძაან კარგი წვლილი შეიტანეს, რომ ზოგმა სასტუმროები გააკეთა, ზოგმა ხელსაქმის ისინი გამოიწერა, საკერავი მაშინები აიღეს,

Page 28: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

22

დაფინანსდნენ“ - როგორც საოჯახო სასტუმროები, ისე საკერავი მანქანები ქალების შრომას მოიაზრებს, შრომას, რომელიც, როგორც წესი, ქალის სოციალურად მიწერილი გენდერული როლის გაგრძელებად მოიაზრება. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ სოფელი მნიშვნელოვანი ტურისტული ძეგლთან, დავით-გარეჯას სამონასტრო კომპლექსთან, ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია, ტურისტული მომსახურების განვითარება მაინც ვერ ხერხდება შესაბამისი ცოდნასა და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობოს არარსებობის გამო. ერთადერთი სასტუმრო-რესტორანი, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, პოლონელ ბიზნესმენს ეკუთვნის. სოფელში კი მხოლოდ რამდენიმე მოსახლეს აქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო.

იზოლაცია და უმუშევრობა ასევე სპეციფიკურად აისახება ქალებზე, ვინაიდან მათი ჯანდაცვის საჭიროებები და სოციალური კომუნიკაცია იზღუდება. „ჩვენ ქალები ვართ და გვჭირდება გინეკოლოგი, რა თქმა უნდა, გინეკოლოგიც რომ მოგვდიოდეს ხოლმე კვირაში რამდენჯერმე სოფელში, ხშირად მივმართავდით და ჩვენც უფრო ჯანსაღი და ჯანმრთელები ვიქნებოდით ამ კუთხით,“ - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. სახელმწიფო დოკუმენტებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა დასახლებების დემოგრაფიულ მდგომარეობას - მაღალმთიან რეგიონებში და, ზოგადად, სოფლებში მასობრივი მიგრაცია და მოსახლეობის დაბერება მნიშვნელოვან კრიტერიუმად არის განსაზღვრული ამ დასახლებისთვის სტატუსის მინიჭებისას, თუმცა იმ ადამიანების რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ვისაც ერის გამრავლების პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფო და საზოგადოება, სრულიად უგულებელყოფილია.

ანალოგიურად პრობლემურია ქალების დასაქმება და სოციალიზაცია სახლს გარეთ. „დასაქმება ახლა... მამაკაცები მიდიან, ქალაქში მუშაობენ, თბილისში მუშაობენ... სხვაგან გადიან, სხვა რაიონებში, მაგრამ ქალები ვრჩებით აი, ასეთ, რომ იტყვიან, უსიცოცხლო გარემოში, მართლა უსიცოცხლო,“ - ამბობს ერთი რესპონდენტი. თუ კაცებს ე.წ. სოფლის „ბირჟაზე“ გასვლის საშუალება მაინც აქვთ, ქალებისთვის სოციალიზაციის და დასაქმების სივრცეები შემოსაზღვრულია სახლით, სკოლითა და ბაღით.

3.6 ქალების მიმართება სახელმწიფოსადმი

მიუხედავად იმისა, რომ უდაბნოში მცხოვრები ქალების მდგომარეობა დიდწილად მსგავსია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსხვავებაზე საუბარი შეიძლება იმის მიხედვით, თუ რა კულტურულ და სოციალურ კაპიტალს ფლობენ ისინი. გამოკითხულთაგან ის ქალები, რომლებიც ადგილობრივ ანსამბლში მღერიან, განსხვავებულად აღიქვამენ თავს, ანალოგიურად ისინი, ვინც სახლს გარეთ (ბაღში ან სკოლაში) მუშაობენ ან/და არასამთავრობო სექტორთან აქვთ კავშირები, უფრო მეტად არიან ჩართული სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და მეტად გრძნობენ თავს აგენტებად. მაშინ როცა ქალებისთვის, რომელთაც ამ სიკეთეებზე ხელი არ მიუწვდებათ, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ როგორც საკუთარი თავის და საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მიმართ. „ვაიმე, ჩემს ცხოვრებას შევცვლიდი, მარა რითი შევცვალო? სიამოვნებით, უკეთესობისკენ შევცვლიდი. მარა რითი? არანაირი საშუალება არ არის“, - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის არქონა და უმწეობის განცდა ხშირად გვხვდება სხვა რესპონდენტებთანაც. „გზებიც გადაგვიკეტია, აი, გზა როცა არ იყო. წყალი არ იყო, უწყლოდ ვიხოცებოდით, შუქი არ იყო. გზები რამდენჯერ გადავკეტეთ, სამინისტროშიც მივსულვართ, აქციები ყველაფერი, კი, კი“, თუმცა მრავალი წლის მანძილზე შედეგი სოფელმა ვერ მიიღო. შესაბამისად, როგორც თავის ეკონომიკურ ისე გენდერულად დაქვემდებარებულ მდგომარეობას ქალების რაღაც ნაწილი დიდწილად შეეგუა.

Page 29: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

23

მეორე მხრივ, ვხედავთ სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებასაც: „მთავრობა შეცვლის და ჩვენც შევცვლით. როგორც მთავრობა წაგვიძღვება წინ, ჩვენც ისე წავყვებით, მაგრამ ეს მთავრობა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა შევაწუხოთ ისინი, არ გავაჩეროთ, დღე და ღამე უნდა ვუკიჟინოთ, თორემ მოდუნებულები კი არის ჩვენი მთავრობა.“ ამ რესპონდენტის დამოკიდებულება უფრო ასერტიულია, მისთვის, ისევე როგორც სხვებისთვის, ასევე აქტუალურია კორუფციის და სახელმწიფოს ინდიფერენტულობის პრობლემა, რომელიც ბევრ რესპონდენტთან მეორდება. საბოლოოდ, სახელმწიფო-ინდივიდის მიმართებას თუ შევხედავთ, კომპლექსური სურათი გვხვდება.

პირველ რიგში, საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიცირება ნაკლებად ხდება გენდერული განზომილების გათვალისწინებით „პრობლემა ყველასთვის პრობლემაა. არა მგონია, რომ ქალი და კაცი სხვადასხვა აზრზე იყვნენ. რაც სოფლის პრობლემაა, ის ქალსაც ისე აწუხებს, როგორც კაცს.“ სოფლის ერთიანობა მნიშვნელოვანია, რესპონდენტები ხშირად უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ქართველები ერთმანეთს ჩამოსვლისთანავე კარგად შეეწყვნენ და „ჭიქა წყალსაც კი უყოფდნენ“ ერთმანეთს გაჭირვების დროს. ერთიანობის და თემში სოლიდარობის ნარატივის საპირისპიროდ, ოჯახს შიგნით ურთიერთობები ინდივიდუალიზებულია, მაგალითად, გენდერული ძალადობის შესახებ ერთი რესპონდენტი გვეუბნება, „ეხლა ჩემი ქმარი სასმელსაც არა სვამს, ეს რაც დაემართა და რავი, არ მაქვს ამ მხრივ პრობლემა. სხვასთან ნაკლებად ვიხედები, სხვის ოჯახში არ ვიცი. სხვისი ოჯახის საქმე რა ჩემი საქმეა“. მეორე რესპონდენტი მიუთითებს სახლს გარეთ ქალების სოციალიზაციის შეზღუდულ შესაძლებლობებზე. საბოლოოდ, ქალებისთვის თემის ერთიანობის ნარატივი და ერთმანეთთან კომუნიკაციის ნაკლებობა, ქალების წინააღმდეგობას როგორც საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მიმართ ართულებს, რაც რამდენიმე ტენდენციას შეიძლება მივაწეროთ 1. ოჯახური ძალადობის პირადი, ინდივიდუალური პრობლემის კატეგორიაში გაყვანას, რაც კავშირშია საქართველოში არსებულ რაოდენობრივ მონაცემებთანაც (მოსახლეობის 78% თვლის რომ ოჯახის საქმე ოჯახში უნდა დარჩეს (ჩიტაშვილი და სხვები, 2010), და 2. ქალების უპირატესად სახლში სოციალიზაცია და მათი მობილობის შეზღუდვა პირდაპირი აკრძალვის თუ სოციალური გენდერული ნორმების შესაბამისად. ამ ორს პირობითად დომინანტური პატრიარქალური ნარატივი შეიძლება ვუწოდოთ; 3. სუბიექტის განხილვა, როგორც საკუთარ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ინდივიდის - ეს ტენდენცია ასახავს დომინანტურ ნეოლიბერალურ ნარატივს, რომელზეც მოგვიანებით უფრო მეტს ვისაუბრებთ.

ამის საპირისპიროდ, ის გამოკითხული ქალები, რომლებიც სახლს გარეთ მუშაობენ, უფრო მეტად საუბრობენ კონკრეტულ საჭიროებებზე, რომელიც სოფელს და ამ სოფელში მცხოვრებ ქალებს აქვთ. ასევე უფრო მეტად გრძნობენ თავს პოლიტიკურ სუბიექტებად, მაგალითად, ერთი რესპონდენტი გვიამბობს, როგორ ესწრებოდა განხილვებს სოფლის სტატუსთან დაკავშირებით, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მიწებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თვითონაც ჩაერთვებიან.

გადმოსახლების პროცესზე საუბრისას ვხვდებით სიტყვა „ობოლს“ ეკომიგრანტებთან მიმართებაში. ეს სიტყვა მეორდება მარტოხელა დედის საუბარშიც „შვილებს მართლა არაფერი მოვაკელი, რო არავინ არ დამცინოსო, რო ობოლი ქალია და შვილებისთვის არ არი.“ საკუთარი თავის „ობლებად“ მოხსენიება ეკომიგრანტების სახელმწიფოსთან მიმართებაში დაქვემდებარებულ როლზე მიუთითებს, სახელმწიფო და მისი წარმომადგენელი კონკრეტული სუბიექტები კი, მაგ. მედეა მეზვრიშვილი, მეურვედ და მეპატრონედ წარმოჩინდებიან. თუმცა პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, პრაქტიკაში ჩვენი რესპონდენტების ნარატივი უფრო ინდივიდუალური პასუხისმგებლობისკენ იხრება. სვანი ქალი იწარმოება, როგორც მებრძოლი, მომთმენი, გამძლე, და ამ მხრივ ქალს და კაცს შორის განსხვავება არ არის.

„კარგი ქალი, კარგი კაცი არის მებრძოლი. მონდომებული არის, ენერგიული არის ყველა. პირველ რიგში გაჭირვებაზე არ უნდა იწუწუნო, არ უნდა იდარდო, უნდა იბრძოლო, ბრძოლა

Page 30: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

24

არის ცხოვრებისათვის. მადლობა ღმერთს, არ ვიძახი ტრაბახით, მაგრამ სვანი ქალები ასეთები ვართ. ძალიან მებრძოლები ვართ. კარგი კაციც ასეთია. რაც არ უნდა იყოს რაღაცას გამოთხრის, რაღაცას ისაქმებს, ოჯახს წინ წაწევს.“

აქაც ორ ტენდენციას ვაწყდებით. ერთი ტენდენციაა საკუთარი უმწეობის მაქსიმალურად წინ წამოწევა. ამ შემთხვევაში სუბიექტი სახელმწიფოსთან, ბუნებასთან, ღმერთთან მიმართებაში იგება, როგორც უძლური. „ჩვენ ყველას ვეცოდებოდით“,- გვეუბნება ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელსაც სხვებთან შედარებით სტიქია მეტად შეეხო და გადმოსახლების და დაბინავების პრობლემაც შეექმნა. გადმოსახლების პერიოდზე სიბრალულის და მხარდაჭერის ფაქტორი მნიშვნელოვანია, თუმცა ამას არ აღიქვამენ, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად, არამედ ერთი პოლიტიკოსის - მედეა მეზვრიშვილის კეთილ ნებად. ვინაიდან სხვა ადგილებში გადასახლებული ეკომიგრანტებისგან ინფორმაცია არ შეგვიგროვებია, ძნელია იმაზე საუბარი, მართლაც იყო თუ არა გამონაკლისი სოფელი უდაბნოს შემთხვევა ეკომიგრაციასთან გამკლავების თვალსაზრისით.

მეორე ტენდენცია, რომელიც გვხვდება, არის სრული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რაც დიდწილად გენდერიზებული და ინდივიდუალიზებულია. მაგალითად, მარტოხელა დედა 1990-იან წლებში თავისი გამოცდილების შესახებ გვიამბობს:

„ღამეებს ვათენებდით იქ, შვილებს გეფიცებით, რო ველოდებოდით დილას თევზს როდის გამოიტანდნენ ბიჭები. ხან გამოჰქონდათ, ხან ვერა და აი ესე გავატარე ჩემი ცხოვრება წვალებით. ერთი მეშოკი ფქვილის ფული რომ მეშოვა თვეში, აი ესეც დიდ რაღაცას ნიშნავდა ჩემთვის. ოღონდ ბავშვებისთვის არ მომეკლო რამე, არავის არ ეთქვა რო აი, ქმარი არა ჰყავს და ეს ქალიც არაფერზე არ დარდობს და შვილები მიტოვებული ჰყავს“- რესპონდენტი ასევე გვეუბნება რომ მას „არავინ შეუწუხებია“ და არავისგან არ მიუღია დახმარება. რაც პასუხისმგებლობას მთლიანად სუბიექტზე მიმართავს და სახელმწიფოს და საზოგადოებას არ მოიაზრებს მისი ეკონომიკური სიდუხჭირის თანაზიარად. „არავისთვის არ მიმიმართია. ჩემ თავს ვერ ვკადრებდი რო, შეძლებული [იგულისხმება ფიზიკურად] ქალია, ჯანსაღი ქალია და სხვას ვერ შევაწუხებდი. მე რაც შემეძლო, მე ვაკეთებდი. არავინ არ შემიწუხებია“

საკუთარ პრობლემებს ქალები ხშირად მიაწერენ „ბედს“, „სტიქიას“, სოფელში განხორციელებულ წარმატებულ ცვლილებებს კი ხელისუფლებას, ახალ მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკუთარ მონდომებას და უფალს. „მართლა ბედნიერი ვარ შვილებით და შვილიშვილებით, ბედით არა. აი, ეს არის ჩემი ცხოვრება ჩემო საყვარელო.“ - აჯამებს თავის ცხოვრებას ერთ-ერთი რესპონდენტი.

გარდა იმისა, საინტერესოა, თუ რას მიიჩნევენ რესპონდენტები თავისი პრობლემების მიზეზად და ვის მიაწერენ მოგვარების პასუხისმგებლობას. ამ მხრივ ერთი ტენდენციაა სახელმწიფოსადმი პასუხისმგებლობის მიწერა, რომელმაც თვითონ „უკეთ იცის“ როგორ დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს:

„სახელმწიფომ კარგად იცის, როგორც უნდა დაეხმარონ. ქალებს ხო? სახელმწიფოზე კარგად ვინ იცის როგორ უნდა დაეხმარონ მარტოხელა ქალებს და საერთოდ ქალებს და საერთოდ, მრავალშვილიანებს. კი ბატონო, მოზრდილი შვილები დაოჯახებულები არიან, მაგრამ მაინც ხო მრავალშვილიანი დედა ვარ, პირადად მე?! და სახელმწიფოზე კარგად ვინ იცის, რა უნდა დაეხმაროს ამ ოჯახებს?“

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოსადმი პასუხისმგებლობის დაკისრება არ ხდება დირექტიულად. რესპონდენტების ნაწილი ნაკლებად ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა შეიძლება მოთხოვონ სახელმწიფოს; რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ პრობლემების აღმოსაფხვრელად და მათი მოთხოვნებიც უფრო თხოვნა და სურვილია. ნარატივში ხშირად ვხვდებით „კარგი იქნება რომ გააკეთონ“, „მადლობელი დავრჩებით თუ გააკეთებენ“, „ძალიან დაგვავალებს და ძალიან დიდ საქმეს გაუკეთებს აიმითი სოფელს.“ შინაარსობრივი თვალსაზრისით, რესპონდენტები საუბრობენ ზოგად პრობლემებზე,

Page 31: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

25

ძირითადად, უმუშევრობასა და ეკონომიკურ გასაჭირზე. სწორედ ამ ორ საკითხთან მიმართებაში იკვეთება სახელმწიფოს მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა რესპონდენტების მხრიდან.

თუ სოფლის პრობლემები მეტ-ნაკლებად გაცნობიერებულია, ქალების საჭიროებების გამოკვეთა მხოლოდ ერთ რესპონდენტთან გვხვდება ექსპლიციტურად. აღსანიშნავია, რომ ქალების საჭიროებებზე საუბრისას წინ იწევს დედობის თემა. სახელმწიფოს მხრიდან დახმარების პასუხისმგებლობაც მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს მიემართებათ და ისიც ბავშვების კეთილდღეობაზეა მიმართული. ბაღში სათამაშოები, ბავშვებისთვის რაგბის და ცეკვის მასწავლებლები ქალების საჭიროებებად განიხილება, ხოლო დედობა და ქალობა ამის განუყოფელ ერთეულად მოიაზრება. გინეკოლოგიური კაბინეტის საჭიროებაზე მხოლოდ ერთი ქალი საუბრობს, მასთან ვხვდებით ასევე სოციალიზაციის საჭიროებაზე მითითებასაც, რომელიც ქალების ერთფეროვან ცხოვრებაზე მიუთითებს და პრობლემის გადაწყვეტა ქალების კლუბის მეშვეობით ესახება.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ქალების საჭიროებები არაღიარებულია როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების დონეზე. ქალების ინტერესები მათი შვილების და ოჯახის ინტერესებთან არის გაიგივებული. ქალების მხრიდან გარკვეული პროტესტი იკვეთება სახელმწიფოს დამოკიდებულების მიმართ, რომელიც მოქალაქეთა ეკონომიკური გაძლიერების და კეთილდღეობის პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა გენდერული სპეციფიკის გათვალისწინება ამ მოთხოვნებსა და წუხილებში ნაკლებად გვხვდება.

3.7 ადაპტაცია

„ძალიან დიდი განსხვავება კი არის იქაურსა და აქაურს შორის, მარა მაინც რატომღაც, ამდენი წელი რომ ვართ, შევეჩვიეთ. მე შეჩვეული ვარ. მე ეხლა ესე მგონია, რომ სვანეთში ვერ წავალ და ვერ ვიცხოვრებ. ეხლა კაი ხანია არ ვყოფილვარ იქით.“

ზემო სვანეთიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტი მოსახლეობის ახალ საცხოვრებელ ადგილთან, სოფელ უდაბნოს გარემოსთან, ადაპტაცია კომპლექსური საკითხია და მოიცავს როგორც ფსიქოლოგიურ-ემოციურ და გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებთან შეგუებას, ისე სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ ადაპტაციას.

განხილვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ, ერთი მხრივ, ზემოაღნიშნული ასპექტები თავისთავად ეტაპობრივად იცვლებოდა გადმოსახლებიდან დღემდე და, მეორე მხრივ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა აქ მცხოვრებთა ყოველდღიურობაზე. შესაბამისად, ადაპტაციის პროცესის განხილვაც იმ სამი ისტორიული ფაზის გარშემო მოგვიწევს, რომლებიც კვლევის დასაწყისში იქნა გამოკვეთილი.

3.7.1 გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებთან შეგუება

უდაბნოში მცხოვრები, სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების მიგრაციასთან ადაპტაციაზე საუბრისას ყველაზე თვალშისაცემია ბუნებრივ-კლიმატურ პირობების მკვეთრი განსხვავებულობა ყოფილ და ახლანდელ საცხოვრებელ ადგილებს შორის. ზემო სვანეთის მთაინეთში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1700-1800 მეტრზე მცხოვრებ ადამიანებს სტიქიის გამო ზღვის დონიდან 750 მეტრზე, ნახევრადუდაბნო ლანდშაფტის მქონე ტერიტორიაზე მოუწიათ გადმოსახლება.

Page 32: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

26

ზღვის სუბტროპიკული ნოტიო კლიმატიდან ზომიერად მშრალ სტეპურ კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია გულისხმობს მაღალმთიანი ლანდშაფტის სტეპურით, ტყიანი მასივების ნაკლები ვეგეტაციით ჩანაცვლებასთან და ნალექიანობის მკვეთრ განსხვავებულობასთან შეჩვევას. შესაბამისად, ასეთ განსხვავებულ გარემო-პირობებში ადაპტაცია სპეციფიკური საცხოვრებელი პირობების ცვლილებასა და ახალი ჩვევების ათვისებას საჭიროებს.

ერთი მხრივ, ზემო სვანეთის მაღალმთიანეთში, რომელიც მცირე სასოფლო-სამეურნეო მიწით ხასიათდება, ჩვენი საკვლევი თემი გადმოსახლებამდე შინამეურნეობასა და მეცხოველეობას მისდევდა და, შესაბამისად, უდაბნოს ტერიტორიაზე ჩამოსახლების პირველ ეტაპზე მათ შეძლეს საგარეჯოს რაიონის კოლმეურნეობაში ჩართვა და ნაცნობი საქმიანობის ახალ პირობებში გაგრძელება. მოსახლეობის ნაწილმა, რომელსაც ზვავი უშუალოდ არ შეხებია ან რაღაც რაოდენობის საქონელი მაინც გადაურჩა დიდთოვლობას, მათი უდაბნოში ტრანსპორტირებაც კი შეძლეს. “საქონელი ახლა იმდენი არ გვყავდა, ორი ძროხა გვყავდა და წამოვიყვანეთ. შევიკრიბეთ და ერთი მანქანა დავიქირავეთ და წამოიყვანა ყველამ თითო-თითო, ორ-ორი და ასე”.

მეორე მხრივ, გადმოსახლების შემდეგ ახალ საცხოვრებელ ადგილას არსებულ წყლის დეფიციტთან, მშრალი ჰავასთან და უდაბნოსთვის დამახასიათებელ ძლიერ ქარებთან შეუგუება პირველი, ყველაზე მწვავე გამოწვევა აღმოჩნდა ჩამოსახლებული ეკომიგრანტებისთვის.

ჩვენ რესპოდენტთა უმრავლესობა “სვანეთის მთების” ხსენებისას, ნოსტალგიურ ნოტაზე სინანულით გვესაუბრა მთაში ცხოვრების მონატრებასა და ძველი ცხოვრების რომანტიზმზე.

ერთ-ერთი მათგანი გვიზიარებს, რომ “ძაან ცუდი შესაჩვევი იყო თავიდან აქ გადმოსვლა. ყველას ურჩევნია იქ, სადაც გაიზარდა და შეჩვეულია. მერე სვანეთში რომ იყოთ, იტყვით, სად იყვნენ და სად ჩამოასახლეს ეს ხალხი. ნატურალური წყალი, ბუნებაში ხარ ჩაფლული, იქ არც შეშა გაქ საყიდელი, არც წყალი, თივა ადგილზეა”.

ამავე რესპოდენტთან საუბრისას ირკვევა, რომ მთავარი ფაქტორი, რამაც გააადვილა ახალ საცხოვრებელ ადგილთან ადაპტაცია, ერთ გეოგრაფიულ არეალში თემის წევრების ერთმანეთთან ახლოს ჩასახლება იყო, რამაც ურთიერთდახმარების საშუალება მისცათ და გაუადვილათ ყოფა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო მაშინდელი ხელისუფლების ყურადღება და მხარდაჭერა: “პირველად ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ყველა დაგვეხმარა. ძან ყურადღების ქვეშ ვიყავით. მაგრამ მისასვლელი რომ არ გაქვს უკან, მივეჩვიეთ. მაგრამ ახლა ისეთი ცხოვრებაა, ყველანი ერთად ვართ, შეკრულები ვართ. ცოტანი ვართ და ძან შეკრულები ვართ”.

ქვეყანაში 90-იანი წლების კრიზისმა, რომელიც კვლევის წინა თავებში უფრო დეტალურად გვაქვს განხილული, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური დაღი დაასვა ახლადჩამოსახლებულ მოსახლეობას. ინფრასტრუქტურულმა კოლაფსმა, რამაც წყლის დეფიციტი გამოიწვია, კიდევ ერთხელ შეახსენა ჩამოსახლებულ ეკომიგანტებს “საიდან სად მოუწიათ გადმოსახლება” სტიქიის გამო: “აქ ის არის, რომ წყალი არა გვქონდა, ძალიან გვიჭირდა. სვანეთში ყველაფერი წყალს მიაქვს. ისეთი კრიზისი გვქონდა წყლის, რო აი, მეზობელთან გახვიდოდი, ერთი ჭიქა წყალი დამალევინეო”.

30 წლის შემდეგ, დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკომიგრანტი მოსახლეობა უკვე შეძლებისდაგვარად შეგუებულია არსებულ გეოგრაფიულ გარემო-პირობებს და იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ მათგანს ( უფრო მეტად ახალ თაობას) გული სვანეთისკენ მიუწევს, კლიმატურ-ბუნებრივი პირობები ისეთი მკაცრი აღარ ეჩვენებათ, როგორც წლების წინ: “შეგუება ეხლა, რა თქმა უნდა.. ამ ბუნებაში ჩვენ რომ ვცხოვრობთ, ამ ტრამალ მინდორზე, რომ მოვხვდით... თან ისეთი საშინელი ქარები.. მაშინ უფრო საშინელი ქარები იცოდა რაღაცა. ალბათ ეხლა რომ შეგუებულები ვართ, იმდენად საშინლად აღარ გვეჩვენება, მაგრამ მაშინ საშინელება იყო”.

Page 33: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

27

3.7.2 სოციალური ადაპტაცია

როდესაც ეკომიგრანტთა სოციალურ ადაპტაციაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს სახელმწიფო პოლიტიკის ბოლოდროინდელი ცვლილება, რომელიც მათ მიერ საცხოვრებელი ადგილების ნებაყოფლობით შერჩევას გულისხმობს. აღნიშნული ცვლილება საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ თვითონ განსაზღვრონ ის რეგიონი და ადგილი, სადაც დასახლდებიან. სახელმწიფოს მოცემული სტრატეგია მიზანმიმართულია ეკომიგრანტთა ზოგად ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად (ინსტიტუტი, 2016).

იქიდან გამომდინარე, რომ განსახლების ინდივიდუალურად შერჩევის საშუალება ეკომიგრანტებისთვის 2013 წლიდან არის შესაძლებელი, უდაბნოს მოსახლეობას, რომელთა ძირითადი ნაწილი 1987 წლიდან გადმოვიდა სოფელში, საცხოვრებელი ადგილის შერჩევის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა მათ ერთი სტიქია აერთიანებდათ, აქედან გამომდინარე, საშუალება ჰქონდათ მეზობლებთან თუ ნათესავებთან ერთად დასახლებულიყვნენ მათთვის სრულიად უცხო ადგილას, სოფელ უდაბნოში. როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ: ,,ფიზიკურად, რა თქმა უნდა, ცოტა რთული იყო, მაგრამ ემოციურად – არა, იმიტომ რომ ბევრნი ვიყავით სვანები და ვერ ვიგრძენით. ოჯახიც და სოფელიც, ყველა ყველას იცნობდა და ახლობლები ვიყავით, ერთი გვარის ბევრნი ვიყავით. ჩვენ საგვარეულო ვიცით, ძმის განაყრები ვართ და ვახლობლობთ ძალიან და ამ მხრივ არ გაგვჭირვებია. მედიკო მეზვრიშვილი ძალიან ყურადღებით იყო ჩვენ მიმართ, სანამ შევეჩვიეთ მანამდე კარგი დროც იყო და მერე გადავედით ისევ გაჭირვებაში და ის მეზვრიშვილიც აღარ იყო. არ გაგვჭირვებია შეგუება”.

,,პირველად ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ყველა დაგვეხმარა. ძან ყურადღების ქვეშ ვიყავით. მაგრამ მისასვლელი რომ არ გაქვს უკან, მივეჩვიეთ. მაგრამ ახლა ისეთი ცხოვრებაა, ყველანი ერთად ვართ, შეკრულები ვართ. ცოტანი ვართ და ძან შეკრულები ვართ’’.

როგორც რესპონდენტთა საუბრიდან შეიძლება ვივარაუდოთ, უცხო და ამავე დროს ნათესავებითა და ნაცნობებით შეკრული გარემო ნაკლებად სტრესული იქნებოდა ადაპტაციის პროცესის საწყის ეტაპზე. სოციალური კაპიტალის ის კომპონენტები, რომლებიც ნდობას, მხარდაჭერას, სოციალურ ქსელებს გულისხმობს, უდაბნოს მაგალითზე შეიძლება ითქვას დასაწყისშივე კარგად არის გამოკვეთილი, რაც კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ გარემოსთან ინტეგრაციის მხრივ მნიშვნელოვანია.

ადაპტაციისთვის ერთ–ერთ ხელშემწყობ ფაქტორად რესპონდენტები ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობასა და ,,თბილად დახვედრას’’ მიიჩნევენ. როგორც რესპონდენტი აღნიშნავს: ,,ნამდვილად ისეთი სითბოთი და იმითი მიგვიღო ამ საგარეჯოს რაიონმა, თვითონ კახეთის ხალხმა. საშეფო ორგანიზაცია თვითონ იყო ჩალათაშვილი და ყოველ კვირაში ჩამოჰქონდათ პროდუქტი, სანამ შევეგუებოდით დაწყებული ელემენტარული ხორცით ან კარაქით, კარტოფილით’’; ,,მოკლედ, ძან დიდი ყურადღების ქვეშ ვყავდით. მთელი ახალგაზრდობა თითქმის მოუნათლავი იყო, მარშუტკები გამოგვიყვეს და მოგვანათლინეს ისინიც. მონათვლა იყო სიონში და ყველანაირ ღონისძიებებზე დავყვავდით ბავშვებიანად, ის დათრგუნვა და ტრამვა, რაც მივიღეთ რომ განეიტრალებულიყო და შვება გვეგრძნო’’. როგორც ვხედავთ, კულტურულ თუ რელიგიურ ღონისძიებებზე დასწრება ოჯახთან ერთად კიდევ უფრო ხელს უწყობდა მათ სტრესის შემცირებისა და სოციალიზაციის პროცესში. თუმცა აქვე აღსანიშნავია სოფელთან სოციალური ადაპტაცია გენდერულ კონტექსტში. ერთი მხრივ, ქალები დადებითი ემოციებით იხსენებენ უდაბნოსთან შეგუების პირველ ეტაპებს. მათი თქმით, თავიდანვე არ გაუჭირდათ, რადგან ,,თავისიანებთან’’, ოჯახთან ერთად გადმოვიდნენ. ერთ–ერთი მათგანი აღნიშნავს კიდეც : ,,ახლა ჩვენ რომ გადმოგავასახლეს პატიაშვილი ჩვენს ოჯახში მოვიდა და რომ გაიგო რომ მეუღლე არ მყავდა და ჩემი მაზლი სპეციალურად გადმოასახლა, ზუგდიდში ცხოვრობდა ჩემი

Page 34: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

28

მაზლი, მფარველი რომ მყოლოდა’’. ისინი ოჯახის კაცებს ,,პატრონების’’ და ,,მფარველების’’ როლში მოიხსენიებენ. ,,მე ჩამსვეს აქ, ჩემს ხალხთან. მერე დამიძახეს და ჩემი ქმრის ხალხთან ერთად უდაბნოში, აქ გადმომასახლეს’’. ანალოგიურად მეორდება ,,თავისიანებთან” ყოფნა და ოჯახის მოვლა, როგორც პრიორიტეტი.

ამის საპირისპიროდ საინტერესო და აღსანიშნი ფაქტია, რომ კაცების ნაწილმა გადმოსახლების დასაწყისშივე დატოვა უდაბნო იმ მიზეზით, რომ ,,მამა–პაპის სახლ–კარს’’ ვერ მიატოვებდნენ, მაშინ როდესაც ქალები დარჩნენ იქ, სადაც მათი ოჯახი იყო. ,,მეუღლე არ დარჩა აქ, ჩვენს კერას ვერ მივატოვებთო, სვანეთსო, რაც არ უნდა იყოსო, მამა-პაპასეულს ვერ მივატოვებო“.

სოციალიზაციის პროცესში, შეიძლება ითქვას, ქალები უფრო მოერგნენ ახალ გარემოს, რაც, სავარაუდოდ, გენდერიზებული როლებით შეიძლება აიხსნას. ქალების როლი ოჯახთან, შვილებთან არის დაკავშირებული, ხოლო კაცები ქონებას, სახლ–კარს უფრო ვერ ტოვებენ, რადგან, პირველ რიგში, სწორედ ისინი მოიაზრებიან აღნიშნული ,,მამა–პაპისეული კერის’’ მფლობელად. შესაბამისად, შეზღუდული გადაადგილება თითქოს ,,აიძულებს’’ ქალებს, მოერგონ და ადაპტირდნენ განსახლების ადგილთან. ფაქტობრივად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქალებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრათ სოციალური ადაპტაციის პროცესში.

ერთ–ერთი კვლევის მიხედვით, ეკომიგრანტთა სოციალურ ადაპტაციაზე ბევრი ცვლადი მოქმედებს, როგორებიცაა: ინდუსტრიის განვითარება, ენობრივი ბარიერების არსებობა, ურბანიზაცია, განათლების დონე და სხვა (Xia, 2012). უნდა აღნიშნოს, რომ მოცემული ცვლადების ზეგავლენა სოფელ უდაბნოში მცხოვრებ ეკომიგრანტების მაგალითზე არ გამოვლენილა. მოცემული კვლევის მონაწილეები სხვა ფაქტორებს გამოყოფენ, განსაკუთრებით აღნიშნავენ მოსახლეობის ერთიანობასა და შეკრულობას, რაც მათი თქმით, დადებითად აისახა აქაურ გარემოსთან შეგუებაზე. როგორც ერთ–ერთი რესპონდენტი ინტერვიუს დროს საუბრობს: ,,ვცხოვრობთ აგერ ქართველები, სუფთა ქართული მოსახლეობა, მთელი საქართველოა ამ სოფელში, რომელი კუთხიდან გინდათ, რომ აქ არ ვიყოთ.. ძალიან დიდი მადლი ტრიალებს ამ სოფელში.. ისე გვიყვარს ერთმანეთი რომ მართლა ერთი კუთხის ხალხივით ვართ. და რა.. აი ამ გაჭირვებამ მიგვიყვანა ერთმანეთთან და ჩაგვახუტა, ასე არ არის?!’’ ამდენად, შეგუებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც რესპონდენტები ხშირად საუბრობენ, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ერთიანობაა საერთო პრობლემების ირგვლივ. ამ საერთო პრობლემად კი გარდა სოციო-ეკონომიკური გაჭირვებისა, აზერბაიჯანელებისგან საქართველოს დაცვას მოიაზრებენ.

ბევრი მათგანი აზერბაიჯანელებთან დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობს, თითქოს მათ „მოწინააღმდეგის“ როლში მოიაზრებს და უდაბნოში დასახლებულ ეკომიგრანტებს, ამის საპირისპიროდ, ქართული მიწის დამცველებად სახავს: ,,სასაზღვრო სოფელი, აბა?! და აი როცა გარეჯს გვედავებოდნენ და ჩვენ სახელმწიფოს ვთხოვდით, სააკაშვილს და ამათ ვთხოვდით დახმარებას, შველას, რომ... ჯარისკაცები გამოყარეს იქედან.. აი ჩიჩხიტურის კოშკიდანა. იქ ჰქონდათ ბანაკი და ყურადღება არავინ არ მოგვაქცია და თვითონ სოფლის ახალგაზრდობამ ითავა იმისი დაცვა. სოფლის ახალგაზრდობა ქუდზე კაცი გამოვიდა დადგა იქ და სანამ არ განიმუხტა იქ მდგომარეობა, მანამდე ფეხი ვერ მოაცვლევინეს. ერთი 10 წლის წინანდელი ამბავია, სააკაშვილი იყო მაშინ. აი, ჩვენ მოძმე აზერბაიჯანელებს, რომ გაიძახოდა და ჩვენ ტერიტორიას გვიხლიჩავდა... გაგვიხლიჩა უფრო სწორად... ახლაც ვეღარ დგამენ კარავს...’’ საინტერესოა, რომ, მართალია, მეზობელ აზერბაიჯანელებთან ამჟამინდელ ურთიერთობასა და დამოკიდებულებებზე რესპონდენტები ნეგატიურად საუბრობენ, არავინ ახსენებს გადმოსახლების პროცესში რატომ დაიცალა სოფელი აზერბაიჯანელი მოსახლეობისგან და იყო თუ არა რამე ეთნიკური დაპირისპირებები თვითონ სოფელში.

საერთო ჯამში, როგორც კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუებიდან ვიგებთ, სოფელი შეკრულია და ,,თავი ერთად გააქვთ’’. 1990–იან წლებში ქალებისთვის სოციალიზაციის

Page 35: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

29

პროცესი უფრო ჩაკეტილი და შეზღუდული იყო (თუ მას დასაქმების კუთხით განვიხილავთ), თუმცა სიტუაცია დღესაც დიდად არ შეცვლილა. საბჭოთა პერიოდში ქალების ნაწილი მეურნეობაში იყო დასაქმებული (სახლის გარეთ). ,,ადრე იყო, მინდვრებში გავდიოდით, 2 ლარს გვაძლევდნენ ყოველდღიურად, მაინც ხალისით გავდიოდით. ის ჯობია მაინც, რომ გახვიდე გარეთ, გული გადააყოლო რამეს’’. სახლს გარეთ დასაქმება, როგორც ვხედავთ, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალიზაციის თვალსაზრისითაც სასურველია ქალებისთვის.

ერთი რესპონდენტი გვეუბნება: ,,ქალები ყველა ოჯახურ საქმეებშია ჩართული, გართობა ჩვენთვის არ არის, არც სამუშაო’’. ქალები, ძირითადად, სახლში მუშაობენ და მათი საქმიანობა და სამუშაო უმრავლეს შემთხვევაში სოფელი უდაბნოს მიდამოებს არ სცდება. ,,ზოგი სკოლაში მუშაობს, მუნიციპალიტეტში, კულტურის სფეროში. ძირითადად, ქალები არიან სკოლებში, კაცები ქალაქში მიდიან მშენებლობაზე და იქ მუშაობენ. საჯარო სამსახურში კიდე იშვიათად’’. შესაბამისად, ქალების სოციალური კაპიტალი უფრო შეზღუდულია, რაც მათ მოცემულ გარემოსთან სრულყოფილ სოციალურ ადაპტაციას აფერხებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ უდაბნოში სოციალურად აქტიური ქალებიც ცხოვრობენ, რომლებსაც, შეიძლება ითქვას, უდაბნოს გარეთაც გააქვთ ქალების ხმა. ,,რაიონშიც ბევრი დაქალი გავიცანი და კარგი ურთიერთობაც გვაქვს ერთმანეთთან და რა ვიცი’’; ,,ეხლა ეს არასამთავრობოები, ის რომ არის - ელკანა. ამათმა ეხლა ძაან კარგი წვლილი შეიტანეს, რომ ზოგმა სასტუმროები გააკეთა, ზოგმა ხელსაქმის ისინი გამოიწერა, საკერავი მაშინები აიღეს, დაფინანსდნენ.. ნუ არიან ახლა.. ზოგიერთი ვერ დაკმაყოფილდა, მაგრამ ეს რაღაცნაირად მოეჩვენათ.. მე მაგალითად ცხენებზე შევიტანე და ერთი ცხენი ვიყიდე 2000 ლარზე დამაფინანსეს და ჩემთვის, მაგალითად, ძალიან კარგი იყო. ესეთი რაღაცა ძაან დაიწყო’’. ქალებმა, როგორც ვხედავთ, ალტერნატიული სივრცე შექმნეს, რომლის ფარგლებშიც ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თუმცა სისტემური და საყოველთაო ცვლილებების ნაკლებობა პრობლემებს ძირეულად ვერ აგვარებს.

ალტერნატიული სივრცის მაგალითებია ადგილობრივი ქალთა ორგანიზაცია და ქალთა ანსამბლი ,,კასლეთილა”, რომლის დამფუძნებელიც გვიამბობს: „ერთი არის, რომ არის ერთად ყოფნა, ერთიანობა. მეორე არის, რომ ოჯახიდან იცით რა... ყოველთვის ერთი და იგივეა: ადგები, მიხედავ საქონელს, ეს ოჯახური საქმეები, რა თქმა უნდა და... ამ ყველაფრით გადაღლილი ეს ქალბატონები ... ხუთი წელიწადი იმით მომყვებოდნენ და მოდიოდნენ [უხელფასოდ], რომ “მერე რა, სახლიდან ხო მაინც გამოვდივართ, რაღაც ორი საათი ხო მაინც განტვირთვაა, ურთიერთობა, რაღაცა სიახლე”... და მერე თვეში ერთხელ მაინც გვქონდა ხოლმე კონცერტი”. როგორც ზემოთ მოცემული ანალიზი ცხადყოფს, სოფელ უდაბნოში მცხოვრები ეკომიგრანტების სოციალური ადაპტაციის პროცესში ცენტრალური როლი ქალთა დასაქმებას სახლის გარეთ, ოჯახთან, ნათესავებთან ერთად ყოფნას, ალტერნატიული სივრცეების არსებობას აქვს.

3.7.3 ფსიქოლოგიურ-ემოციური ადაპტაცია

რესპოდენტები ადაპტაციაზე საუბრისას აქცენტს ძირითადად ახლანდელ პრობლემებზე აკეთებდნენ, იმდროინდელ ცხოვრებასთან შედარებით. თითქმის ყველა ინტერვიუში ძველ საცხოვრებელ ადგილზე საუბრისას ცალსახად მეორდებოდა, ერთი მხრივ, გადმოსახლების წინ სტიქიასთან მიმართებით არსებული შიში - “ისეთი ცუდი ამინდები იყო სტიქიის შემდეგ, ყველა აიყარა შიშით, რომ იგივე არ განმეორებულიყო. ერთი კვირა თოვდა, სახლები არ ჩანდა, იმხელა თოვლი იყო და ყველას ეშინოდა კიდევ. ჩემი სოფელი, სადაც მე დავიბადე, მთლიანად დაიფარა, მხოლოდ კოშკები დარჩა. ყველაფერი მიწასთან გასწორდა და საარსებო და საცხოვრებელი არავის ჰქონდა“; “საშიშროება იმდენად იყო და შიში, რომ მაქედან რომ ჩამოვედით, კარგი ხანი დაგვჭირდა, რომ ცოტა ისე გამოვსულიყავით იმ საშინელებიდან - პრესიდან”. მეორე მხრივ,

Page 36: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

30

ინტერვიუებში გამოვლინდა ნოსტალგია, რომელსაც ისინი განიცდიან იქ ცხოვრების სიხარულს, სილაღესა და ახალგაზრდობის წლებთან მიმართებაში: “გადმოსვლამდე უფრო ახალგაზრდა ვიყავი და მაშინ უფრო მიხაროდა ცხოვრება, უფრო ყველაფერზე მონდომებულიც ვიყავი”.

გადმოსვლის პერიოდზე საუბრისას დანაკარგის ტრავმა და სტიქიის მსხვერპლთა გლოვა ცენტრალურია. სტიქიას, რომელმაც მათი ცხოვრება საბოლოოდ/რადიკალურად შეცვალა, ადამიანური მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ყველაზე მძიმედ გასახსენებელი და მოსასმენი ამბავი ის იყო, რომ სტიქიით დაღუპულთა დასამარხად მათ მიცვალებულები თოვლიდან ხელებით ამოიყვანეს. სტიქიის მოსალოდნელი განმეორებისგან თავის დასაცავად კი (საბოლოოდ გადმოსახლებამდე) ჯგუფურად იცვლიდნენ თავშესაფარს და სხვადასხვა თვითგადარჩენის სტრატეგიას იყენებდნენ. ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით: “ყველაზე დიდი ქონება ის იყო, რომ მოვიდა სტიქია ჩვენ დავკარგეთ ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, მეზობლები დავკარგეთ. ყველაზე დიდი სტიქია და ყველაზე დიდი ტრავმა ჩვენ მაგით მივიღეთ. იმ სტიქიამ ჩვენს გვერდით, ჩვენი სოფლის გვერდით ჩამოიარა. და იმ მკვდრებს, ნათელში იყოს მათი სული, ხელებით იმასვშვებოდით - ვთხრიდით. მსხვერპლი, 28 სული დაიღუპა იმ სტიქიის დროს, 28. ეს ყველა ერთ სახლში განთავსდა და იმათ შემყურე მართლა ბევრი ფსიქიურად შეიშალა, ბავშვებმა ძალიან განიცადეს თანატოლები რომ დაკარგეს. ჩვენ ყველამ ძალიან დიდი უბედურება გამოვიარეთ, ძალიან დიდ სტრესში ვიყავით. ამ სტიქიის შედეგად ხან ერთ სახლში მოვთავსდებოდით, ხან ქალი-კაცი-ყველა და ვათენებდით, რომ კიდევ მეორედ ზვავი არ ჩამოწოლილიყო. მერე ამას მოყვა ის, რომ სასწრაფოდ გადმოგვასახლეს. უკვე იმის არჩევანის საშუალება არ იყო ვინ აირჩევდა, სად აირჩევდა”.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადმოსახლებისას, მათ ვინც ეკომიგრანტთა გადმოყვანის პირველ ტალღაში მოხვდნენ, უფრო მეტად გაუმართლათ, ვიდრე სტიქიის ზონაში უფრო დიდხანს ჩარჩენილებსა და მოგვიანებით წამოსულებს. ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით: “გზები იყო გაჭედილი, გასაქანი არსად არ იყო. მაშინ მამაკაცი მარტო ეს იყო (ქმარზე საუბრობს), დანარჩენები სულ ქალები ვიყავით ოჯახში. სტიქია ჩემმა ქმარმა იგრძნო, მე ვტიროდი შიშით და ვერ ვამხელდი. და რომ ვიგრძენი, ჩვენგან მოშორებით 400 მეტრზე მეზობლის კაცი ჩარჩა. მაგათ ბელეტაჟი ჰქონდათ. სახლიდან რომ გამოვედი, ხელები მაღლა გვქონდა და ისე ვშლიდით თოვლს და ასე გამოვედით. თან ვერც ვყვიროდით, იმიტომ რომ ზვავის დროს არ შეიძლება ყვირილი და ხმაური. გადავრჩით და თუ რამე წითელი ტანსაცმელი გვქონდა, ყველაფერს ვაფრიალებდით, რომ ვინმეს შევემჩნიეთ. მაგრამ კაციშვილი დამხმარე არ გვყავდა”. როგორც უკვე აღვნიშნეთ მოსახლეობა, რომელიც გადმოსახლების პირველ ტალღაში ვერ მოყვა, უფრო გაუჭირდა ტრანსპორტირება და დახმარების მიღება, მათი სახლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დაკმაყოფილებაც უფრო ნაკლებად მოხდა.

გადმოსახლების პირველ წლებში, შეიძლება ითქვას, სოციალური და ეკონომიკური მხრივ 1987 წელს გადმოსული ეკომიგრანტი ოჯახებს – განსხვავებით უფრო მოგვიანებით გადმოსულებისგან – მზა, დაცული და სტაბილური გარემო დახვდათ. საბჭოთა პერიოდში საგარეჯოს რაიონის მიერ გაწეულმა პირველადმა ეკონომიკურმა და სოციალურმა დახმარებამ მაგალითად, მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად თითოეულ ოჯახზე მიმაგრებულმა “საშეფო ორგანიზაციებმა” – დიდი როლი ითამაშა მათი დასახლების საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფისა და დასაქმების მხრივ. თითქმის ყველა ჩვენი რესპოდენტი დიდი მადლიერებით იხსენებს ამ მათთვის უმძიმეს პერიოდს. “რო ჩამოვედით მაშინ, თითქმის ყველა კახეთის სოფელმა პროდუქტი შეაგროვეს ჩვენთვის. საგარეჯოდან ყველა ოჯახს ყავდა „შეფები“. ჩემი „შეფი“ მეფრინველეობის იყო. ზოგი მეფრინველეობის იყო, ზოგი მეღვინეობის. ყველა, რაც კი დიდი წარმოება იყო რაიონში, ჩვენ იქ გვყავდა შეფები და თუ რამე გაგვიჭირდებოდა, ძალიან გვპატრონობდნენ. მაშინ მეზვრიშვილი იყო ჩვენთან რაიკომის მდივანი. [..] როცა ხალხი აქეთ ჩამოვიდა, შეძლებისდაგვარად დაასაქმეს. ვის რა შეეძლო, იმის მიხედვით. უფრო მეურნეობაში იყვნენ ჩართულები. ორ-სამ მანეთს აკეთებდნენ დღეში. ხან მინდორს წამლავდნენ, ხან ხორბალს

Page 37: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

31

ვამუშავებდით. დიდი შემოსავალი არ იყო, მაგრამ თავს ვირჩენდით”.ამ ყველაფრის მიუხედავად, სტიქიისა და გადმოსახლების ტრავმა საკმაოდ მძიმე იყო და

დღესაც იკითხება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. იმის გარდა, რომ ბევრმა ოჯახმა სრულიად დაკარგა საცხოვრებელი ადგილი, საქონელი და მხოლოდ ტანსაცმლის ამარა მოუწია სტიქიას გამოქცეოდა, ასეთმა მკვეთრმა ბუნებრივი პირობების ცვლილებამ და ისტორიული საცხოვრებელი ადგილიდან ასე შორს გადმოსახლებამ კიდევ უფრო დიდი ფსიქოლოგიური ბარიერები წარმოქმნა. ერთ-ერთი რესპოდენტი იხსენებს: “აი, მეათე კლასში იყო ეს ბიჭი, კახა, ჩემი უფროსი ბიჭი, სულ ტიროდა “დედაო არ გეცოდებაო სახლი მარტო რომ დავტოვეთო?!”, “კედლები არ გენატრებაო?!” ისეთ დღეში იყო.. მაგრამ ყველაფერზე ეჩვევა ადამიანი და ჩვენც შევეჩვიეთ”.

ყოფილ საცხოვრებელ ადგილთან მიჯაჭვულობის და ისტორიული საცხოვრისის არ დატოვების კუთხით ცალსახად გამოიკვეთა ამ ასპექტის გენდერული ჭრილი. რამდენიმე რესპოდენტი საუბრისას აღნიშნავდა, რომ იმის მიუხედავად, რომ მთელი ოჯახით და, ხშირ შემთხვევაში, ნათესავებთან ერთად დაფუძდნენ ახალ საცხოვრებელ ადგილას, მათი ოჯახის მამაკაცებმა ვერ შეძლეს ძველ საცხოვრებელ ადგილთან შელევა/ მისი დათმობა და უკან დაბრუნდნენ, მეორე მხრივ კი ქალებს, რომლებსაც ოჯახზე ზრუნვის უფრო გამოკვეთილი გენდერული როლი აქვთ, ახალ კერაზე ზრუნვის, ბავშვების აღზრდის და ახალ გარემოში ცხოვრების აწყობის მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. “პირველი 3-4 წელი ძალიან გაგვიჭირდა. ჩემი მეუღლე გადმოდგებოდა აივანზე და აქეთ-იქით იყურებოდა, სად ჩამომიყვანეო, მლანძღავდა და მაგინებდა. იხედებოდა და ტყუილა იხედები-მეთქი, ვეხუმრებოდი, ჩვენს სახლ-კარს ვერ დაინახავ აქედან-მეთქი. მართლა არ უნდოდა აქ ჩამოსვლა. საუბედუროდ, აი, ეტყობა გრძნობდა რაღაცას”.

ასევე მნიშვნელოვანია, აღნიშნული ასპექტი გადავიაზროთ გენდერული როლისა და მობილობის ურთიერთმიმართების კონტექსტში. ერთი მხრივ, მამაკაცებს ოჯახის საცხოვრებელი ადგილიდან შორს სამუშაოდ თუ საცხოვრებლად გადაადგილების და ახალი სოციალური როლის მორგების უფრო მეტი საშუალება და თავისუფლება აქვთ, მაშინ როცა ოჯახის ქალების როლი საცხოვრებლის ადგილობრივად განკარგვის, ოჯახზე ზრუნვისა და ბავშვების აღზრდაში უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოიაზრებს და, შესაბამისად, ნაკლებად თავისუფლები არიან მობილობის მხრივ. “ახლა იძულებით წამოვედით და ჩემი ქმარი მაინც არ გაჩერდა, ისევ დაბრუნდა იქით ეკლესიაში იქა და.. ბოლოს იქ ცუდად გახდა და.. იმას მაინც იქით უნდოდა, თავის მიწა-წყალზე და იქ.. და ჩვენ აქ ვიყავით. ახლა შეგუებული ვართ პირობებს და ყველაფერს”.

ქალის, დედის-აღმზრდელის სოციალური იდენტობის მნიშვნელოვნება თითქმის ყველა რესპოდენტთან საუბრისას მკვეთრად გამოიკვეთა. ამ იდენტობისთვის განსაკუთრებული ძალის მინიჭება ახალ საცხოვრებელ ადგილას შვილებისთვის და ოჯახისათვის კეთილი მომავლის მშენებლობის პასუხისმგებლობაზე გადის და მომავლისთვის ბრძოლის ძალისა და ენერგიის გამონახვისკენ არის მიმართული. “უცვლელი დარჩა, რომ მაინც ქალი ვარ, დედა ვარ და ოჯახის ისა. წინა იმაში გადმოსვლამდე გული მწყდება იქაურ გარემოზე. უკეთესი არის ის, რომ წინ მივდივართ, მატერიალურად უფრო უზრუნველყოფილი ვართ, ვიდრე – იქ”.

მიუხედავად ახალ საცხოვრებელ ადგილთან სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა, ემოციურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი რესპოდენტების უმრავლესობა მაინც ძველ საცხოვრებელ ადგილთან არის მიჯაჭვული. “არა, ვერ ვტოვებ სვანეთს, არა, ნაწილს გვინდა უკან დაბრუნება, ჩემს ბიჭს უნდა, მაგალითად, უკან გაბრუნება”.

თუ ადაპტაციის ერთ-ერთ ფორმად ან არასასურველ მიგრაციაზე პასუხად, შედეგად და რეაქციად შეგვიძლია რემიგრაცია განვიხილოთ - მართლაც, ჩვენს შემთხვევაში, ადამიანების რიცხვი, რომლებმაც ახალ საცხოვრებელ ადგილთან შეგუება და ინტეგრაცია ვერ მოახერხეს, საკმაოდ დიდი იყო. ამის თაობაზე ერთ-ერთი რესპოდენტი გვიყვება: “აი ვინც, რამდენი.. 200-

Page 38: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

32

300 კომლამდე იყო.. და 130.. მიგრაცია მოხდა. ყველა ვისაც წასასვლელი სადმე ჰქონდა, ყველა მიდიოდა უკან, არავინ არ ბრუნდებოდა. და ვინც დავრჩით, დავრჩით”.

3.7.4 კულტურული/ემოციური ადაპტაცია

ქალებისა და სხვა ჩაგრულ ჯგუფთა შემთხვევაში, მიგრაცია ხშირად დაკავშირებულია მკაცრ ცვლილებებთან, რომლებიც კატეგორიულად გარდაქმნიან ყველაზე ინტიმურ განზომილებებს ინდივიდის ცხოვრებაში: გრძნობებს, თვითრეპრეზენტაციის სტრატეგიებს, სოციალურ ინტერაქციას და საკუთარი ცხოვრების განვითარების წარმოდგენის შესაძლებლობებსაც კი. (Nolin, 2006)

უდაბნოს ეკომიგრანტ ქალთა შემთხვევაში, მიგრაცია უზომოდ ტრავმული და რთული პროცესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელმა მთავრობამ საყოფაცხოვრებო პირობებით ასე თუ ისე დამაკმაყოფილებლად უზრუნველყო ისინი, ადაპტაციის პროცესის კულტურულ ჭრილში ანალიზი საკმაოდ ბევრს მეტყველებს იმ გამოწვევებსა და შეგუების მექანიზმებზე, რომლებიც ამ ქალებმა განიცადეს და შეიმუშავეს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს კულტურული ხატებისა და სიმბოლოების გადმოტანა და მორგება ახალ ადგილზე. ადგილი ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც გეოგრაფიული, არამედ – ემოციურიც. რელიგიამ და მისმა სიმბოლოებმა შეასრულეს და დღემდე ასრულებენ შეგუებისა და ადაპტაციის როლს. აგრეთვე, ეს არის კავშირი მოცემულ მდგომარეობასა და იმას შორის, რაც სვანეთში დატოვეს. ამაზე კარგად მეტყველებს ეკომიგრანტების მიერ სვანეთში არსებული ეკლესიის ზუსტი ასლის აშენება სოფელ უდაბნოში. ,,ერთიც უნდა დავამატო, ეკომიგრანტებმა, იქიდან რომ წამოვედით, იქ გვქონდა მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც არც დანგრეულა, იმის სახელობის პატარა ბაზილიკა ააშენეს. თავიანთი სახსრებით. მოხატვით დამთავრებული. მარტო ეკომიგრანტების აშენებულია. იქაური ადათ-წესების დაკარგვა არ უნდოდათ, ყველაფერი გადმოიტანეს და აგრძელებენ ეგრე.’’

ბუნებრივ კატასტროფასთან, გადმოსახლებასთან და შესაბამისი ტრავმატული გამოცდილებასთან გამკლავების მექანიზმად ხშირად მეორდება რელიგიური სიმბოლოები და რიტუალები. ნახსენებია კიდევ ერთი რელიგიური რიტუალი, კერძოდ, ახალგაზრდების მონათვლის ფაქტი. რაც აგრეთვე აღქმულია, როგორც სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი დახმარება.

,,მოკლედ, ძაან დიდი ყურადღების ქვეშ ვყავდით. მთელი ახალგაზრდობა თითქმის მოუნათლავი იყო, მარშუტკები გამოგვიყვეს და მოგვანათლინეს ისინიც. მონათვლა იყო სიონში და ყველანაირ ღონისძიებებზე დავყვავდით ბავშვებიანად, ის დათრგუნვა და ტრამვა, რაც მივიღეთ რომ განეიტრალებულიყო და შვება გვეგრძნო.’’

აქ, როგორც ვხედავთ, მონათვლას არა მხოლოდ კულტურული და რიტუალური დანიშნულება ჰქონდა, არამედ სოციალური აქტივობაც იყო ერთად წასვლა. ,,პლიუსი კიდევ ამ სოფლის, გინდა დიდების, გინდა პატარების, რწმენა, რწმენა და რწმენა. მაზიარებლები არიან ყველანი. დილაუთენია მიდიან ფეხით გარეჯში და მოდიან ფეხით იმხელა დიდი რწმენა აქვთ.’’ ,,ამ ეკლესია-მონასტრებმა ძალიან გაგვაერთიანა.’’

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფელ უდაბნოში გადმოსახლებისას მაცხოვრებლების უმრავლესობა ქართველები იყვნენ, თუმცა იყო აზერბაიჯანელი მოსახლეობაც, რომელმაც დატოვა ეს სოფელი. მათზე საუბარს ჩვენი რესპონდენტები თავს არიდებენ, და ყოველთვის ხაზს იმას უსვამენ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. ,,ბევრნი ვიყავით სვანები და ვერ ვიგრძენით. ოჯახიც და სოფელიც ყველა ყველას

Page 39: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

33

იცნობდა და ახლობლები ვიყავით, ერთი გვარის ბევრი ვიყავით.’’ ახლობლებით დასახლებულ სოფელში მაინც ემოციურად ტრავმულ მოვლენად აღიქმება

მშობლიურ ადგილს მოშორებით გარდაცვალება და მათ მონათხრობში ხშირად მეორდება საფლავის თემა. ,,ყველაზე მეტად მშობლები რომ დავტოვე. იქ დავტოვე 87 წელში და 90 წელში ორივე მშობელი დამეღუპა და ორივე აქ დავასაფლავეთ. ‘’,,მამიდაჩემი ისე ჩავიდა მიწაში, ვერ გადავასვენეთ.’’

მიუხედავად იმისა, რომ კულტურული ადაპტაციის პრობლემა, ეთნიკური თუ სხვა განსხვავებული კულტურული ნორმების არარსებობის გამო, დღის წესრიგში არ დამდგარა, საკმაოდ იკვეთება ის ფაქტი, რომ ადაპტაციის პროცესი სვანეთის კულტურისა და კულტურული სიმბოლოების გადმოტანით მიმდინარეობდა. ეკლესიის ასლის გარდა, ქალებმა მიტოვებულ სვანეთთან კავშირის და კულტურის გადაცემის კიდევ ერთ საშუალებას მიაგნეს, რომელიც თვითრეპრეზენტაციის, ინტერაქციისა და ოჯახს გარეთ გასვლის, სოციალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება გახდა. ეს ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „კასლეთილაა“, რომელსაც საინტერესო სახელი და ისტორია აქვს.

“კასლეთილა არის... სვანეთში უბატონო იყო და ცხოვრობდნენ თავადები და ამაყი ქალი უმღერის თავს: ჩემი კასლეთილა ყველას მირჩევნიაო, თავადებზე ნაკლები არ ვარო, ჯიხვი და მარჩვი მემსახურებაო. იმ თავადების ცხოვრებას ადარებს თავისას, ვარსკვლავებს ადარებს თავს. ქალის სილამაზეა ასახული, სიამაყე და მთის ხასიათია ჩადებული. რატო მარტო თავადები? მათთან ცხოვრებას, იმათ ცხოვრებას მირჩევნია ჩემი კასლეთილა, ჩემი კუთხე. რახან ქალბატონები ვიყავით შევარქვით კასლეთილა. შემდეგ მრავალი წარმატება, გასტროლები.’’ - გვიამბობს „კასლეთილას“ დამფუძნებელი.

ანსამბლი აგრეთვე დიდ მნიშვნელობას იძენს რაიონული ცენტრისა და სხვა დასახლებული პუნქტისგან 40 კილომეტრით დაშორებულ სოფელში, სადაც ტრანსპორტი დღეგამოშვებით დადის და სადაც არ არსებობს კულტურის სახლი. ,,ახლა კულტურის სახლი არა გვაქვს, შეიძლებოდა კონცერტი ჩაეტარებინა. გავიდეთ გარეთ, თვალს წყალი დავალევინოთ.’’ ,,ადგილი არ გვაქვს კონცერტის ჩასატარებლად. მარტო სკოლის დარბაზი, სადაც არც სკამია და არაფერი, რო დაჯდე.’’ ფაქტია რომ ანსამბლი „კასლეთილა“ და, ზოგადად, სიმღერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალებისთვის. სვანური სიმღერები და, ზოგადად, სიმღერის ნიჭიც აღქმულია, როგორც სვანური იდენეტობის ნაწილი.

,,ეს გენეტიკურია, ეს არის ღვთის საჩუქარი, ამას ვერცერთი ნოტი ვერ დაუდგება წინ. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ძლიერი სმენა მაქვს. ნოტები მერე ვისწავლე, მანამდე ძირითადად ვსწავლობდი სმენით. საერთოდ სვანური სიმღერები არ არის ნოტით, ეს ავთენტიკური, ძირძველი სიმღერებია. არცერთი ქალბატონი ანსამბლში არ არის მუსიკალური განათლებით, ყველანი ვართ ღვთით დაჯილდოებული სმენითა და ხმით. გენეტიკურია ყველაში. სვანეთში იშვიათი ოჯახია, რომ არ მღეროდნენ”.

Page 40: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

34

4 დასკვნა

ჩვენ მიერ გაანალიზებული ინტერვიუების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ: პირველ რიგში, ეკონომიკური მდგომარეობის და სახელმწიფო პოლიტიკის გამიჯვნა შეუძლებელია. საბჭოთა პერიოდში ეკომიგრანტების უდაბნოში ჩამოსახლება და სოფლის ეკონომიკური და კულტურული გაძლიერება ცალსახად თვალში საცემია. ამ პერიოდში კორუფციის და ცალკეული პოლიტიკოსების კეთილ ნებაზე მიბმული პოლიტიკის პრობლემა ძნელს ხდის განვაზოგადოთ ამ მიდგომის გავრცელება სხვა შემთხვევებზეც, თუმცა ძალიან საინტერესოა ამ პერიოდში „საშეფო ორგანიზაციების“ არსებობა, რომლებიც ეკომიგრანტებისთვის საზოგადოებაში უკეთესი ინტეგრაციის და ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველი იყო. სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს პერიოდი უდაბნოს ისტორიაში ცალსახად შეიძლება მივიჩნიოთ ეკომიგრაციასთან გამკლავების წარმატებულ მაგალითად.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობა სამუშაოს, სასმელი თუ საწყავი წყლის, სამეუნრეო ინფრასტრუქტურისა და, ფაქტიურად, ლუკმაპურის გარეშე დარჩა. 2003 წლის რევოლუციის შემდეგ, როცა ქვეყანა გამოკვეთილად ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გზას დაადგა, ფაქტობრივად არაფერი შეიცვალა სოფლის მოსახლეობისთვის. სახელმწიფოს მიმართება შედარებით ბოლო წლებში გაუმჯობესდა, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირე, ქალებისთვის იზოლაცია და სახლს გარეთ სოციალიზაციისა და დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა დღემდე დიდ პრობლემად რჩება. ამ პერიოდიდან სოციალურ სიკეთეებზე წვდომა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად ცხადდება და ამგვარი ტენდენცია ვლინდება მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოსა და საზოგადოებასთან მიმართებაში. შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ასიმეტრია და სოფლის გაღატაკება ამ პოლიტიკის პირდაპირპროპორციულია.

სოფელი უდაბნოსთვის ან მისი ეკომიგრანტი მოსახლეობისთვის სტატუსის განსაზღვრის პრობლემაც დღემდე გადაუჭრელი რჩება. სოფელი, რომელიც 40 კმ-ით არის დაშორებული რეგიონულ ცენტრიდან, კვლავ არანაირ სარგებელს არ იღებს სახელმწიფოსგან, რაც პოლიტიკური ნების არარსებობას შეიძლება მივაწეროთ. ხოლო ეკომიგრანტებთან საუბრის შედეგად, ჩვენი რეკომენდაციაა სოფლისთვის მაღალმთიანობის სტატუსის მინიჭება.

როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების დონეზე ქალების საჭიროებების არტიკულაცია არ ხდება. თვითონ ქალებსაც ხშირად უჭირთ გამოარჩიონ საკუთარი საჭიროებები, თუმცა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში (სახლს გარეთ სოციალიზაცია, ჯანდაცვის საჭიროებები და ქალების დასაქმება) გარკვეული თანხმობა არის. გვხვდება წინააღმდეგობის, ალტერნატიული სივრცეების შექმნის და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მაგალითები, თუმცა მკვეთრად თვალშისაცემია სეგრეგაცია, როცა სოციალიზაციას, სახლს გარეთ დასაქმებასა და მობილობას შეეხება საქმე. ქალების ასოცირებამ ოჯახთან და შვილების საჭიროებებთან, მათი სუბიექტურობის მუდმივმა კვლავწარმოებამ, როგორც ახლობელი მამაკაცის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ არსებად, ისინი, შეიძლება ითქვას, უდაბნოსთან ადაპტაციის ერთგვარ იძულებით პირობებში ჩააგდო. შედეგად, ქალებს ეკომიგრაციის პირობებში მამაკაცებთან ასოცირებული შრომის გაწევაც ხშირად უწევდათ და ისევ კვლევის დასაწყისში წამოყენებულ კითხვას რომ მივუბრუნდეთ, ქმედითუნარიანობასთან მიმართებაში, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ქალებმა როგორც 90-იანების კრიზისში, ისე შემდგომ, ძალიან ბევრი ფუნქცია აიღეს საკუთარ თავზე. გენდერული სეგრეგაციაც ნაკლებ შესამჩნევია გარეშე დაპირისპირებული მხარის ხატთან (აზერბაიჯანი) და მძიმე კლიმატთან გამკლავების პირობებში, სადაც ქალები მებრძოლებად და დამცველებად გვევლინებიან, რითაც, გარკვეულწილად, უდაბნოში თავიანთ ყოფნასა და ცხოვრებას ერთგვარ საკრალურ მნიშვნელობასაც ანიჭებენ.

Page 41: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

35

თუმცა აქვე აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ქალების მიერ გაწეული ფიზიკური, მენტალური და ემოციური შრომა არც აღიარებულია, არც დაფასებული და ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მსხვერპლად შეწირვის ფასად ხორციელდება.

ვინაიდან ეს რაოდენობრივი კვლევა არ იყო, ძნელია, მონაცემების განზოგადება ზოგადად ეკომიგრანტ ქალებზე, თუმცა შეგვიძლია იმ საჭიროებებზე ვისაუბროთ, რომელსაც სახელმწიფო და საზოგადოება უგულებელყოფს ეკოლოგიური კატასტროფების შედეგად დაზარალებული ადამიანების მიგრაციის პერიოდში. ჩვენი კვლევა ქალების ისტორიას, მათ ცხოვრებას, საჭიროებებს და ინტერესებს არა როგორც ზოგადი პოლიტიკიდან და დომინანტური ნარატივიდან განყენებულს, არამედ როგორც მის განუყოფელ ნაწილს განიხილავს, რომელიც როგორც სახელმწიფოს ისე საზოგადოების მხრიდან უგულებელყოფილია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი კვლევა იმ მრავალი ქალის დაკარგული პერსპექტივის გაჟღერებაში დადებული აგურია, რომელიც მომავალში როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებას უნდა დაეხმაროს ისეთი კეთილდღეობის პოლიტიკის დაგეგმვაში, რომელიც უნივერსალურ სუბიექტად მამაკაცს არ მიიჩნევს.

Page 42: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

36

გამოყენებული ლიტერატურა /ბიბლიოგრაფია

საქართველოს პარლამენტი (2015) კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, მოძიებულია 12 იანვარს, 2018 https://matsne.gov.ge/ka/document/view/2924386

ზურაბიშვილი თ. & თავბერიძე გ. (2016). ეკომიგრანტები და პოტენციური ეკომიგრანტები საქართველოში: გამოცდილება და თვითშეფასებები. თბილისი: დემოკრატიის ინსტიტუტი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრ, გ. დ. (2013, ნოემბერი 13). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება #779. თბილისი.

(2016). სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახები: სახელმწიფო მხარდაჭერა და აღრიცხვა. თბილისი: დემოკრატიის ინსტიტუტი.

ლიტერატურული საქართველო. 21 ნოემბერი 1980 წელი. N47. “უდაბნო გაცოცხლდა”. საჯარო ბიბლიოთეკის არქივი. თბილისი.

სახალხო განათლება. 19 ნოემბერი 1980 წელი N83. “უდაბნო ოაზისი გახდება”. საჯარო ბიბლიოთეკის არქივი. თბილისი.

კლიმატის ცვლილებასთან ზემო სვანეთის ადაპტაციის სტრატეგია. UNDP Georgia. თბილისი. 2014

ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში. UN Women. თბილისი. 2014

საქართველოს ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი სტიქიური მოვლენების საფრთხეებისა და რისკების ატლასი. CENN, ITC. 2012

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014).

ჩიტაშვილი, მარინე., ჯავახიშვილი, ნინო., არუთინოვა, ლუიზა., წულაძე, ლია. ჩაჩანიძე, სოფო. 2010. ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში. თბილისი

Beresnevièiûtë V. (2003) Dimensions of Social Integration: Appraisal of Theoretical Approaches, Etnicity Studies, მოძიებულია 1 იანვარს, 2018 http://ces.lt/en/wp-content/uploads/2012/03/EtSt_Beresneviciute_2003.pdf

CENN. (2013). Ecomigration in Georgia: Background, Gaps and Recommendations. Tbilisi: CENN.

Blaikie N. (2004) Designing Social Research. 4 th edition. Blackwell Publishing Ltd

DeVault M. (1999) Liberating Method: Feminism and Social Research, Temple University Press

Enarson E. P. (2000) Gender and Natural Disaster, Working Paper. Koser, Kh.; Martin, S., (2011) The Migration-Displacement Nexus, The

Migration-Displacement Nexus: Patterns, Processes and Policies, pp. 1-14.Kumari A. L. (2016) Understanding Institutional Adaptation to Climate Change:

Social Resilience and Adaptive Governance Capacities of the Nature Based Tourism Institutions in the Annapurna Conservation Area, Nepal

Page 43: ავტორები › laravel-filemanager › files › shares...სექტორშიც, თუმცა რა ბედი ეწევათ მათ, ვინც

37

Mallick B., Etzold B. (2015) Environment, Migration and Adaptation Evidence and Politics of Climate Change in Bangladesh: A Study in Dhaka,

McLeman R. A., Hunter L. M. (2010) Migration in the context of vulnerability and adaptation to climate change: insights from analogues, Wiley Interdiscip Rev Clim Change. May-June; 1(3): 450–461.

Morrow B. H., Enarson E. P. (1996) Hurricane Andrew through Women’s Eyes: Issues and Recommendations. International Journal of Mass Emergencies and Disasters, pp. 5-21.

Simonet G. (2010) The concept of adaptation : interdisciplinary scope and involvement in climate change,

UNESCO (2017) Migrant/Migration, International Migration. Available: https://goo.gl/P4Ckkt

Wiest E. R. (1998) A comparative Perspective on Household, Gender and Kinship in Relation to Disaster in Enarson E. P., Morrow B. H., The Gendered Terrain of Disaster, pp. 63-81.

Wood, W.B. (2001) Ecomigration: Linkages Between Environmental Change And Migration, Global Migrants, Global Refugees: Problems and Solutions, pp. 42-62.

Xia, J. C. (2012). Study on the Social Adaptation about the Ecological Migrants of the Three Rivers Source. Lanzhou : Lanzhou University.